ბარაკ ობამა მშობლიურ ჰავაიში აპეკის ეკონომიკურ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც შეერთებული შტატები აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერებს მასპინძლობს.
შაბათ-კვირას ამერიკის პრეზიდენტი კოლეგებთან ერთად თავისუფალი სავაჭრო ზონის გამოცხადების საკითხს განიხილავს. მასში რამდენიმე ქვეყანა ერთიანდება: შეერთებული შტატები, ავსტრალია, ბრუნეი, მალაიზია, ახალი ზელანდია, პერუ, სინგაპური და ვიეტნამი. იაპონიის მთავრობის განცხადებით, ის შეეცდება სავაჭრო ზონით რეგიონის ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები მოხიბლოს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი.
ჰავაიში ვიზიტი პრეზიდენტის 9-დღიანი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. ბატონი ობამა ავსტრალიაში მიემგზავრება, შემდეგ კი ინდონეზიას ესტუმრება, სადაც ტურისტულ კუნძულ ბალიზე მონაწილეობას აღმოსავლეთ აზიის სამიტში მიიღებს.