შვედეთის მიერ გამოცებული დაპატიმრების სანქციის საფუძველზე, ლონდონის მეტროპოლიტანის პოლიციამ დღეს "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავა.
ასანჟს ბრალად გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ედება. ასანჟის ადვოკატის თქმით:
„ის კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და მზად არის შვედეთის პროკურატურასთან ითანამშრომლოს რეპუტაციის აღსადგენად.“
"ვიკილიქსმა" ამერიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის ოფიციალური პირების გულისწყრომა მას შემდეგ გამოიწვია, რაც ვებ-გვერდმა კონფიდენციალური დიპლომატიური და სამხედრო კორესპონდენციები საჯაროდ გამოაქვეყნა. "ვიკილიქსის" უახლესმა მასალამ იმ ადგილების მდებარეობა გამოავლინა, რომლებსაც შეერთებული შტატები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებად მიიჩნევს.
ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც "ვიკილიქსთან" იყვნენ ასოცირებული ვებგვერდის ჰოსტინგი გააუქმეს. ხოლო საფრანგეთმა კი "ვიკილიქსი" სერვერი გათიშა.
"ვიკილიქსს" ამერიკის სენატშიც მოჰყვა მკაცრი გამოხმაურება. ამერიკელი სენატორი ჯო ლიბერნმანის თქმით:
„ჩემი აზრით, ის რაც "ვიკილიქსმა" გააკეთა ჯაშუშობის ყველაზე მძიმე ფორმის ტოლფასია. ეს ალბათ, ამერიკის წინააღმდეგ ჩადენილი ერთადერთი ყველაზე საშინელი ჯაშუშური დანაშაულია შეერთებული შტატების ისტორიაში. "ვიკილიქსმა" ინტერნეტის თავისუფლება და მასობრივი ძალა გამოიყენა იმისთვის, რომ საჯაროდ გამოექვეყნებინა მოპარული საიდუმლო დოკუმენტები.“
ასანჟის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოების ინტერესებში შედის. გარდა ამისა, "ვიკილიქსის" წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა,რომ მიუხედავად ასანჟის დაპატიმრებისა, ორგანიზაცია კვლავ გეგმავს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას.