ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის ხარისხის შესწავლა კავკასიაში


თბილისში კვლავ გრძელდება კომენტარების გაკეთება ირაკლი ალასანიას ბრალდებებზე ხელისუფლების მიმართ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რიჩარდ ნორლადმა მისი კანდიდატურის განხილვაზე სენატში სხვა მნიშვნელოვან განცხადებებთან ერთად საქართველოსთან მიმართებაში განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი ამოცანა იქნება ძალიან ყურადღებით დაააკვირდეს საქართველოს მიერ იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც ვაშინგტონი ესოდენ აფასებს:” ეს ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი იქნება. აშშ-ი უკვე ხარჯავს მილიონობით დოლარს, რათა დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ხელშეწყობას და ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ იმ შედეგებს ვიღებთ, რისი მიღწევაც გვსურს”.

ამ დღეებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 3-თვიანი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს: ” ჩვენი კვლევის მიზანი იყო დემოკრატიის ხარისხის ზოგადი შესწავლა კავკასიის მასშტაბით. საქართველოში და სომხეთში დემოკრატიის ხარისხი განსხვავდება სხვა რეგიონებისგან, თუმცა იდეალისგან და საერთოდ იმ მიღებული ნორმებისგან, რომელიც არის ევროპაში, ბუნებრივია, ძალიან შორს არის. ეს არის, ასე ვთქვათ, ნაციონალური დემოკრატიის ნიშნები, სპეციფიური დემოკრატიის, რომელიც გამოიყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად რუსეთში ამას სუვერენული დემოკრატია ჰქვია. აქ შესაბამისი სახელწოდება მონახული არ არის, მაგრამ შეიძლება ტერმინი ნაციონალური დემოკრატია მიუსადაგო, იმიტომ რომ ჩანს ერთი და იგივე ნიშნები, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელია, ან რეგიონის სხვა ქვეყანა. რა საკვირველია ხარისხი მაღალი არ არის.

საზოგადოების წარმომადგენლები სწორედ იმას მოითხოვენ , რომ ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც შემდგომში შესაძლებლობა ექნება არასამთავრობო სექტორის გაძლიერების, მათ შესაძლებლობა ექნება შემდგომში იყონ მედიატორები ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ეს ძალიან ეფექტური მიდგომა იქნება და დააჩქარებს ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავაზობენ ხელისუფლებას ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას, როცა ისინი მხარს დაუჭერენ ხელისუფლებას რეფორმების განხორციელების საქმეში, რა საკვირველია, თუ მათი აზრიც გათვალისწინებული იქნება. მნიშვნელოვანი მიდგომაა, ძალიან ტრანსფარენტულს ხდის საერთოდ გარემოს, რაც დღეს, სამწუხაროდ, არ არის”.

თბილისში კვლავ გრძელდება კომენტარების გაკეთება ირაკლი ალასანიას ბრალდებებზე ხელისუფლების მიმართ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ. ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, მამუკა არეშიძის აზრით არჩევნების წინ პოზიციური გამწვავება მოსალოდნელია: ” ორივე შემთხვევაში ჰიფერტროფირებულია მოვლენები. ორივე შემთხვევაში პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, ამიტომ მოსალოდნელიც არის არჩევნების წინ პოზიციების ასეთი გამწვავება. უნდა ითქვას, რომ ხიფათი სინამდვილეში არსებობს, იმიტომ რომ სამხედრო დოქტრინის ამუშავება, რომელიც გაახმოვანა შარშან პრეზიდენტმა, რომ ყველა სოფელში უნდა იყოს შეიარაღებული ფორმირება, რომელიც დაიცავს სოფელს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ნონსენსია. ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული. დღეს ხალხს აიარაღებენ და რეზერვში მიყავთ სამეგრელოში, შიდა ქართლში, კახეთის ზოგიერთ რეგიონში.. საზღვრისპირა რეგიონებში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ომისთვის ემზადებიან. ხალხს აქვს 2 კითხვა. პირველი, თუ რეზერვისტებს აიარაღებ, ე.ი. ომისძთვის ემზადები, ომს აპირებს ვინმე ჩვენს საწინააღმდწეგოდ?! და მეორე კითხვა, თუ ომისთვის არ ვემზადებით, რატომ ვაკეთებთ ამას?! რადგან ამ კითხვებზე პასუხი არ არის, ხალხს უჩნდება განწყობა, რომ ეს არის ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ დაემორჩილა ხელისუფლების გადაწყვეტილებას არჩევნების მსვლელობის პროცესში. ან თუ არჩევნებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

აზრი ამ აქციისა ხელისუფლების ჩემთვის გასაგებია, მას უნდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ოფიციალურად დაასაქმოს იმისთვის, რომ თავის მოკავშირედ გაიხადოს. მაგრამ ფორმა არის უზნეო და გაუგებარი, და სახიფათო, რაც ყველაზე მთავარია.

ამიტომ, სამოქალაქო დაპირისპირებას შეიძლება დღეს არ ველი, მაგრამ შეიარაღებული ადამიანების ხელში რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს არავინ იცის”.

XS
SM
MD
LG