განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების მეცხრე დღეს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ბრალი სამოქალაქო უბნებზე თავდასხმაში დასდეს.
მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე ომის ბოლო გამწვავების დროს, ასობით ადამიანი დაიღუპა. ანკლავს საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, მაგრამ ის ეთნიკური სომხებით არის დასახლებული და ოფიციალური ბაქოს კონტროლს არ ექვემდებარება.
ბრძოლები უქმეებზე გააქტიურდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ კვირას წარმოთქმული უკომპრომისო სიტყვის შემდეგ, როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა შორსაა.
ქვეყნისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანული ძალები წინ მიწევდნენ და ათავისუფლებდნენ მიწებს, რომლებიც 1990-იან წლებში ეთნიკურ სომხებთან დაკარგეს. სომხეთი აზერბაიჯანის წინსვლაზე ამ ინფორმაციას უარყოფს.
ალიევმა მოითხოვა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიიდან გასვლის განრიგი დაგეგმოს და თქვა, რომ სანამ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა არსტრუნ ჰოვნანისიანმა ალიევის გამოსვლის შემდეგ თქვა: “არ ვფიქრობ, რომ ერევანს რამე ემუქრება, მაგრამ მაინც ომში ვართ.”
ორშაბათს, მთიანმა ყარაბაღმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მის ადმინისტრაციულ ცენტრ სტეპანაკერტზე სარაკეტო იერიში მოახდინეს, აზერბაიჯანმა კი გამოაცხადა, რომ სომხეთმა ამ რეგიონის მიმდებარე რამდენიმე ქალაქის წინააღმდეგ რაკეტები გაუშვა.
Facebook Forum