სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როომელიც უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად რუსეთს გულისხმობდა, სტრატეგიული შეცდომა იყო. ამის მიზეზად ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში ბოლოდროინდელ პროცესებში მოსკოვის როლის შემცირებას და მის მიერ პირობების შეუსრულებლობას ასახელებს.
იტალიურ გამოცემა "ლა რეპუბლიკისთვის" კვირას, 3 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა რუსეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ მან ვერ უზრუნველყო მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხეთის დაცვა იმისგან, რასაც ის მეზობელი აზერბაიჯანისგან აგრესიას უწოდებს.
სომხეთის პრემიერის თქმით, მოსკოვი, რომელსაც სომხეთთან თავდაცვის შესახებ პაქტზე აქვს ხელი მოწერილი და ქვეყანაში სამხედრო ბაზაც აქვს განთავსებული, როგორც ჩანს, არ მიიჩნევს ერევანს "საკმარისად პრორუსულად" და რომ საერთოდაც, მოსკოვი უფრო ფართო, სამხრეთ კავკასიის რეგიონს ტოვებს.
ფაშინიანის თქმით, ერევანი უსაფრთხოების თაობაზე პარტნიორების წრის გაფართოებას ცდილობს. სავარაუდოდ, პრემიერი ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთოობების გაღრმავების მცდელობას გულისხმობს.
"სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.99%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის - იარაღისა და ამუნიციის შესყიდვების მიმართულებითაც", - უთხრა ფაშინიანმა "ლა რეპუბლიკას" და დასძინა: "მაგრამ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და ამუნიცია და ამ სიტუაციაში გასაგებია, რომ მას სურვილიც რომ ჰქონდეს, რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს უპასუხოს. ეს მაგალითია ჩვენთვის, რომ უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ ერთ პარტნიორზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა", თქვა პრემიერმა.
სომხეთში ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს, რომ რუსეთმა მათი ინტერესები არ დაიცვა. ფაშინიანის კომენტარი მოსკოვში ჯერ არ შეუფასებიათ, თუმცა აქამდე გამოთქმული კრიტიკისა თუ უკმაყოფილების პასუხად, მოსკოვი გამუდმებით ამბობდა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამო, მას თავისი სხვა როლი და ვალდებულებები არ შეუკვეცია. რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა და მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელებიც ჰყავს განლაგებული.