ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდამსხმელი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში შეჭრისას მოკლეს


ორშაბათს, შეიარაღებულ მამაკაცს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ჭიშკარში შეჭრის მომენტში ესროლეს და მოკლეს - განაცხადა ფედერალურმა გამოძიებამ. ის მანქანით სააგენტოს ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოება მასთან მოლაპარაკებას რამდენიმე საათის მანძილზე აგრძელებდა. თავდამსხმელს იარაღის დაყრას და ჩაბარებას სთხოვდნენ.

გამოძიების ფედერალური სააგენტოს განცხადებით, ის საკუთარი მანქანიდან შეიარაღებული გადმოვიდა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დაჭრეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შესასვლელი ჭიშკრიდან დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მთავარ ოფისამდე, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად, ვირჯინიის შტატში მდებარეობს, რამდენიმე ასეული მეტრია. "ჩვენი ნაგებობა დაცულია, ჩვენი დაცვის ოფიცრები ინციდენტზე მუშაობენ" - განაცხადა სააგენტოს პრესსპიკერმა მოვლენების განვითარების მომენტში და ასევე დასძინა, რომ ვითარების გაკონტროლებაში სხვა სააგენტოებიც არიან ჩართული.

დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოზე თავდასხმა 1993 წელსაც მოხდა. მაშინ თავდამსხმელი პაკისტანელი მირ აიმალ კანსი იყო. მან შესასვლელთან მანქანაში მყოფი სააგენტოს ორი თანამშრომელი მოკლა, სამი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

თავიდან კანსიმ თავი პაკისტანს შეაფარა. თუმცა მოგვიანებით, 2002 წელს, მისი ამერიკაში ექსტრადიციის შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოზე თავდამსხმელი სიკვდილით დასაჯეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG