ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

27 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 25 - დამოუკიდებლობის აღდგენიდან


9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ტრაგედიის ადგილზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისი თქმით, „ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და იმ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველების ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმის, რომ შესაძლებელია თუნდაც შენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე წინ მტკიცედ და ვაჟკაცობით" - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

მემორიალი მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა და ასობით სხვა ადამიანმა. „დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზე საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მაშინდელი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილების სამიზნე გახდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისის ცენტრში მიმდინარე აქცია საბჭოთა ჯარისკაცებმა ძალადობრივი გზით დაარბიეს. თბილისში მაშინ 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG