ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნადეჟდინი რუსეთის არჩევნებზე პუტინის ოპონირებას გეგმავს


ბორის ნადეჟდინი - სამოქალაქო ინიციატივის პარტიიდან რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი.
ბორის ნადეჟდინი - სამოქალაქო ინიციატივის პარტიიდან რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი.

ბორის ნადეჟდინმა, რომელიც ღიად გამოდის უკრაინასთან რუსეთის ომის წინააღმდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. რუსი პოლიტიკოსი წარმოადგენს სამოქალაქო ინიციატივის პარტიას.

30 იანვარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნადეჟდინმა მის მხარდასაჭერად შეგროვილი, 105 000 ხელმოწერა გადასცა. ეს ტექნიკურად საკმარისია იმისთვის, რომ ნადეჟდინი მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდეს.

თუმცა, ჯერ საარჩევნო უწყების წარმომადგენლებმა უნდა გადაამოწმონ მისი და სხვა სავარაუდო კანდიდატების მიერ წარდგენილი თითოეული ხელმოწერა. ზოგიერთმა კანდიდატმა წინასაარჩევნო პროცესი სხვადასხვა მოსაზრებით, უკვე დატოვა.

რუსეთში 60 წლის ნადეჟდინის გამარჯვების მოლოდინი ძალზე ცოტას თუ აქვს. ფართოდ გავრცელებული აზრით, 71 წლის პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება გარანტირებული აქვს. ის ქვეყანას პრეზიდენტის ან პრემიერის რანგში, 1999 წლის ბოლოდან მოყოლებული ლიდერობს და სახელმწიფოს ყველა ბერკეტს მკაცრად აკონტროლებს.

ნადეჟდინმა მაინც შეძლო ანალიტიკოსების გაოცება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მკაცრი და დაუფარავი კრიტიკით, რასაც კრემლი დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს. ნადეჟდინის თქმით, ეს "საბედისწერო შეცდომაა" და ის შეეცდება კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულებას.

კრემლის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების კურთხევის გარეშე, ნადეჟდინი ვერაფრით შეძლებდა რუსეთის მთავრობის ასე ღიად კრიტიკას. ის რეგულარულად სტუმრობდა კრემლის მიერ კონტროლირებულ სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებს, სადაც ომის თემაზე მსჯელობდნენ. ამ საკითხს კი კრემლი განსაკუთრებული სიმკაცრით კურირებს. ნადეჟდინი მსგავს ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ყველაფრის მიუხედავად, რუს ექსპერტებში არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ მას თითქოს ზედმეტი მოუვიდა კრემლის კრიტიკა და ომთან დაკავშირებით, ნადეჟდინმა გადაკვეთა უხილავი წითელი ხაზები. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მას რაიმე მიზეზით არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ან იძულებულს გახდიან, კანდიდატობაზე უარი თავად თქვას.

ნადეჟდინი ამ ეტაპზე ამბობს, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. „ცესკოსა და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თქვას: „ოთახში სპილო არ შემიმჩნევია!“ - განაცხადა მან საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების წარდგენის დღეს, როცა მუყაოს ყუთებით ცესკოს მოსკოვის შტაბ-ბინაში დაახლოებით 105 000 ხელმოწერა შეიტანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG