ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია": რუსეთში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა.

„2017 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რუსეთში მდგომარეობა გაუარესდა“, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსეთში ანასტასია კოვალევსკაია. ამის შესახებ მან მოსკოვში ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ყოველწლიური ანგარიში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 159 ქვეყანაში მიმოიხილავს და წელს ის ეძღვნება ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 70 წლის იუბილეს.

2017 წელი სწორედ მასობრივი საპროტესტო აქციებით იყო გამორჩეული, რომლებზეც ხელისუფლება ასევე მასშტაბური ქმედებებით რეაგირებდა და ასევე მასობრივად არღვევდა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს.
ანასტასია კოვალევსკაია, "საერთაშორისო ამნისტია"

„გასულ წელს რუსეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, ათასობით მონაწილე იყო უკანონოდ დაკავებული, ათობით აქტივისტს სცემეს და დააშინეს. რაც შეეხება ყირიმს, მათ, ვინც ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას აპროტესტებს, ასევე ციხეში ჩასმით სჯიან ან ქვეყნიდან აძევებენ. როგორც, მაგალითად, ყირიმელი თათრების ლიდერებს ახტემ ჩიიგოზსა და ილმი უმეროვს მოექცნენ. სასტიკი კანონები, რომლებიც პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს, კვლავ მოქმედებს, ისევე როგორც კანონი ე.წ. „გეი-პროპაგანდის“ აკრძალვის თაობაზე, რომელიც ემსახურება ლგბტ მოქალაქეების დევნას. გეი მოქალაქეების დევნის მსხვერპლი გახდა ათეულობით ადამიანი ჩეჩნეთშიც", - ვკითუხლობთ ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის შესახებაა საუბარი.

ანასტასია კოვალევსკაიას თქმით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოხდა - ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია, აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა უკიდურესი ფორმებით ჩრდილოეთ კავკასიაში და ბევრი სხვა. მისი თქმით, გასული წლის მოვლენებზე დაკვირვების შედეგად „საერთაშორისო ამნისტია“ განსაკუთრებით გამოყოფს თავისუფალი შეკრებისა და მანიფესტაციების მოწყობის უფლების შეზღუდვას.

„2017 წელი სწორედ მასობრივი საპროტესტო აქციებით იყო გამორჩეული, რომლებზეც ხელისუფლება ასევე მასშტაბური ქმედებებით რეაგირებდა და ასევე მასობრივად არღვევდა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს“, - თქვა მან. „საერთაშორისო ამნისტიის“ თანამშრომლები ბევრ ასეთ შეკრებას ესწრებოდნენ, ახორციელებდნენ მონიტორინგს იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა შემდეგ სასამართლო პროცესებიც, ჰქონდათ კომუნიკაცია ბევრ ბრალდებულთან, აქტივისტებთან და მათ იურისტებთან. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ თავისუფალი შეკრების უფლება რუსეთში იზღუდება, ასევე მოქალაქეებს არ მიუწვდებათ ხელი დამოუკიდებელ სასამართლოზე და არ შეუძლიათ აზრის თავისუფლად გამოხატვა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა დაკავებულთა წამების ფაქტებიც", - ამბობს კოვალევსკაია.

2017 წლის მარტში კორუფციის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ერთდროულად რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა. ბევრგან პოლიციამ დემონსტრანტები ძალით დაშალა, დააკავეს 1600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14 ჟურნალისტი.

"გასულ წელს პრაქტიკულად არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ არ ყოფილიყო რეპრესია პოლიტიკური აქტივისტებისა თუ კულტურის მოღვაწეებისა და ასევე ჟურნალისტებისა", - ამბობს კოვალევსკაია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს განსაკუთებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციები.

საპროტესტო აქცია, მოსკოვი, 12 ივნისი, 2017 წელი.
საპროტესტო აქცია, მოსკოვი, 12 ივნისი, 2017 წელი.

რაც შეეხება თავისუფალ სასამართლოს, ამ მხრივაც მოქალაქეებს არ შეიძლება ჰქონდეთ სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ დავებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების იმედი. ბევრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვისას კი, მაგალითად, დაკავებული დემონსტრანტების საქმეებში კი, ერთადერთ სანდო მტკიცებულებად სასამართლო, როგორც წესი, პოლიციის ანგარიშს მიიჩნევდა და არაფერს სხვას. ხშირად პროცესები იყო ზედაპირული. მაგალითად, 26 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ, ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ 17 სამუშაო დღეში 476 საქმე განიხილა.

ამასთან, დაფიქსირდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა თვეები გაატარა სხვადასხვა სატვირთო მატარებელში და ტრანსპორტში, სანამ შორეულ ციხეებში გადაიყვანდნენ. ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხშირად მათი ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩეჩნეთშიც.

ბანერი რუსეთის საელჩოსთან გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან
ბანერი რუსეთის საელჩოსთან გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან

რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, რუსეთმა 5-ჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში იმისათვის, რომ დაებლოკა რეზოლუციები, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის წარმოებისა და გამოყენებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობდა და მოუწოდებდა სირიის ხელისუფლებას დაეშვა თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო მანდატის მქონე გამომძიებლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG