ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" უკრაინას აკრიტიკებს და კიევის აღშფოთებას იწვევს


ხუთშაბათს, უფლებადამცველმა ჯგუფმა „საერთაშორისო ამნისტიამ“ უკრაინას ბრალი დასდო, რომ ჯარების საცხოვრებელ უბნებში განლაგებით, ის სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ეს განცხადება კიევმა რუსეთის პროპაგანდას და დეზინფორმაციას შეადარა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ამნისტიის" მიერ გამოთქმული ვარაუდები მკაცრად დაგმო და ჯგუფს ბრალი რუსეთის უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმების წაქეზებაში დასდო. მან თქვა, რომ ჯგუფი ცდილობდა „პასუხისმგებლობა აგრესორიდან მსხვერპლზე გადაეტანა“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ამნისტიის“ თანამშრომლები აპრილიდან ივლისამდე, ფრონტის რამდენიმე წინა ხაზზე მისვლისას, გახდნენ იმის თვითმხილველები, რომ უკრაინული ძალები ზოგიერთ საცხოვრებელ უბანში „ბაზებს აწყობდნენ და იარაღის სისტემებს იყენებდნენ“.

ანგარიში ციტირებს „საერთაშორისო ამნისტიის“ გენერალურ მდივანს, აგნეს კალამარდის, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ დოკუმენტურად აღვრიცხეთ უკრაინული ძალების მოქმედების ხასიათი, რაც სამოქალაქო მოსახლეობას რისკს უქმნიდა და არღვევდა ომის კანონებს, როდესაც დასახლებულ უბნებში მოქმედებდა“.

ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში თქვა რომ ჯგუფი „ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას“ ცდილობდა.

აშკარად აღელვებულმა ზელენსკიმ განაცხადა: „არ არსებობს პირობები და არც შეიძლება არსებობდეს, ჰიპოთეზის სახითაც კი, რომლის დროსაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გამართლებული ხდება. ნებისმიერი, ვინც რუსეთის ამნისტირებას ახდენს, და ვინც ხელოვნურედ ქმნის ისეთ საინფორმაციო კონტექსტს, სადაც ტერორისტთა ზოგიერთი თავდასხმა სავარაუდოდ გამართლებულია, ან სავარაუდოდ გასაგებია, შეუძლებელია, ვერ მიხვდე, რომ ამით ისინი ტერორისტებს ეხმარებიან. და თუ ასეთი მანიპულაციის შემცველი ანგარიშები არსებობს, მაშინ ადამიანების მოკვლაზე პასუხისმგებლობას იზიარებთ“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოსადგილე ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ანგარიშში რუსეთის ქმედებების კრიტიკის არარსებობა „შეიარაღებული მოძალადის ქმედებების მხედველობაში მიღების გარეშე, მსხვერპლის ქმედებების შესწავლას ჰგავს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ამ ანგარიშით „აღშფოთებულია“ და „ამნისტიას“ დაჟინებით მოუწოდა „ყალბი რეალობის შექმნა შეწყვიტოს“.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყველა შესაძლო ზომას მიმართავენ, რათა ფრონტის წინა ხაზიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ. რუსეთი უარყოფს, რომ, როგორც თვითონ უწოდებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ სამოქალაქო მოსახლეობა მისი სამიზნე ხდება.

XS
SM
MD
LG