ამერიკის შეერთებული შტატების დაახლობით ნახევარმა, უკვე დაიწყო საკუთარი გეგმის მიხედვით კარანტინის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება და რესტორნების, კაფე-ბარებისა და სხვა მცირე ბიზნესების გახსნა.
სრულმასშტაბიანი ტესტირება ქვეყანაში ჯერ ვერ ხერხდება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, შტატების გუბერენატორებზე უდიდესი ზეწოლაა, კვლავ აამუშაონ ეკონომიკა. ეკონომიკის გაჩერებამ რეკორდულად მაღალი რაოდენობის, 30 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სწორედ ამდენმა ადამიანმა შეავსო უმუშევრობის დახმარების მოთხოვნა.
უმუშევრობის დონე, ახლა ქვეყანაში 18,4%-ია, ასეთი მონაცემები ამერიკაში დიდი დეპრესიის, 1930-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
ფიზიკური დისტანცირება, სკოლებისა და ბიზნესების დახურვა, საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა, ეს ყველაფერი ისევ მთავარ იარაღად რჩება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ დროისთვის, არ არსებობს ვაქცინა, ან მკურნალობის რაიმე საშუალება.
აკრძალვების ფონზე ეკონომიკა ზარალდება, ადამიანები კი უმუშევრად რჩებიან, რასაც შტატების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
30 აპრილს, მიჩიგანის შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობა, ასობით დემონსტრანტმა დაიკავა. მათი ნაწილი შეიარაღებული იყო. ისინი გუბერნატორ გრეტჩენ უიტმერის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებდნენ რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ.
პოლიციამ ასზე მეტი ადამიანი მშვიდად შეუშვა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, სადაც ისინი მხარდამხარ იდგნენ და კანონმდებლებს დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ეცადა პოდიუმი დაეკავებინა, თუმცა პოლიციამ ისინი შეაჩერა.
Facebook Forum