ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ვირუსის გავრცელებაზე: "შესაძლოა ჩინეთმა შეცდომა დაუშვა"


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა ვირუსი ჩინეთში "შეცდომით" გავრცელდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

"შესაძლოა ჩინეთმა შეცდომა დაუშვა, შეიძლება შეცდომით დაიწყო და შემდეგ კიდევ შეეშალათ, ან შესაძლოა ეს ვინმემ განზრახ გააკეთა", - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ შეერთებული შტატები ეცდება "შეისწავლოს როგორ გავრცელდა" ვირუსი.

თუმცა ამავე ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ უნახავს მტკიცებულება და რამდენად დამაჯერებელია მისთვის ის ფაქტი, რომ ვირუსი ვუჰანის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გავრცელდა, უპასუხა, რომ ეს მისთვის საკმაოდ დამაჯერებელია. მას დეტალებზე არ უსაუბრია. "ვერ გეტყვით, არ მაქვს უფლება გითხრათ", - თქვა მან როცა ჟურნალისტმა თხოვა მისი კომენტარი განემარტა.

პრეზიდენტის ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება იმ დასკვნებს, რომლებიც მის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის დაზვერვის მთავარმა სააგენტომ გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა, კვლავ უამრავი სპეკულაციაა იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა ახალი კორონავირუსი: ის ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა, შეიქმნა ლაბორატორიაში და შემთხვევით გავრცელდა, თუ როგორც შეთქმულების თეორიის ავტორებს მიაჩნიათ, გამიზნულად, სპეციალურად იყო შექმნილი და დამუშავებული.

ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გავრცელებული განცხადებით ეს უკანასკნელი ვერსია გამორიცხეს, და თქვეს, რომ ეთანხმებიან ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ კოვიდ-19 არ იყო ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი. ამის შესახებ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ისაუბრა.

დაზვერვის სამსახურების მიერ გავრცელებულმა ცნობებმა ღიად დატოვა ის საკითხი, აქვს თუ არა ჩინეთში წარმოშობილ ვირუსს კავშირი ჩინელ მკვლევარებთან.

"სადაზვერვო საზოგადოება განაგრძობს ინფორმაციის გულდასმით შესწავლას იმის დასადგენად თუ როგორ გავრცელდა ეპიდემია: ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტით თუ ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარი გარკვეული შემთხვევით", - აცხადებენ ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელები.

ჩინეთის მთავრობა, ვუჰანის ვირუსულოგიის ინსტიტუტს გამუდმებით უცხადებს მხარდაჭერას და უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო კოვიდ-19-ის თავდაპირველი აფეთქებისა და გავრცელების წყარო. მათი ექსპერტების პოზიციით, ვირუსი სავარაუდოდ ცხოველიდან ადამიანს ლაბორატორიასთან ახლოს მდებარე ცხოველთა ბაზარში გადაედო.

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 1950 წელს დაარსდა. ინსტიტუტში მდებარეობს ქვეყნის პირველი, მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაც. ამგვარ ლაბორატორიებში მაღალი რისკის შემცველი, ძლიერ სახიფათო პათოგენები ინახება, რომელთათვისაც ჯერჯერობით ვაქცინა თუ სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. დაწესებულების ნაწილში კი ღამურებიდან გადამდებ კორონავირუსებს იკვლევენ.

ტრამპი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის მიერ ამ პოზიციების უარყოფას და პეკინსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მთელი დანარჩენი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ბევრი თეორია არსებობს. ამჟამად, ვფიქრობ, ჩინეთი ცდილობს გარკვეულწილად გამჭვირვალე იყოს ჩვენთან", - ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ჩინეთის მთავრობის წევრებმა უნდა შეწყვიტონ მთავარი დეტალების დამალვა.

რაც შეეხება ამერიკის ხელისუფლების სხვა ლიდერებს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის მზაობასა და სურვილს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამჟღავნდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში პომპეომ განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის თაობაზე კვლავ ბევრი გაურკვევლობა არსებობს.

ამ დრომდე, მსოფლიოს გარშემო ვირუსს 230 000 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებულ შტატებში გარდაცვლილია 63 000-ზე მეტი ადამიანი.

ამერიკა ერთ-ერთი ქვეყანა არაა, რომელსაც ვირუსის გავრცელების შესწავლა სურს. ჩინეთისა და ვირუსის საკითხს ეჭვით უყურებენ ავსტრალიაშიც. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსტრალიამ ვირუსის წარმოშობის თაობაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა. თუმცა პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ამბობს, რომ მას კონკრეტული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დაავადება ლაბორატორიიდან გავრცელდა, არ აქვს. მორისონმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანას ამ თეორიის მხარდამჭერი საბუთები არ აქვს და გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ ქვეყანა ვირუსის წარმოშობის გამოძიების ჩატარებას ემხრობა.

ოფიციალური პეკინი ამგვარ გამოძიებას ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის მიერ მართული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. თუმცა მორისონი აცხადებს, რომ მსოფლიომ ზუსტად უნდა იცოდეს რა მოხდა, რათა მსგავსი რამ, რასაც უდიდესი ადამიანური დანაკარგი და ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება, აღარასდროს განმეორდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG