ამერიკის შტატების ნაწილი, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას იწყებს. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ამ დროისთვის დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენება არ ხდება და ამიტომ ეს გადაწვეტილება საფრთხეს შეიცავს.
კოლორადო, მისისიპი, მინესოტა, მონტანა და ტენესი ეკონომიკის ამუშავებას გეგმავენ, მიუხედავად ფართო ტესტირებაზე წვდომის არქონისა.
ჯორჯია, ალამაბამა, ოკლაჰომა და სამხრეთ კაროლინა უკვე გაიხსნა ზოგიერთი ბიზნესისთვის. პირველ ეტაპზე ამ შტატებში სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები და ტატუების სალონები გაიხსნება, მოგვიანებით კი - რესტორნები, ტანსაცმლის მაღაზიები და კინოთეატრები.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოციალური დისტანცირების შეზღუდვას, მხოლოდ უკუეფექტი ექნება. მათი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უსაფრთხოების დაცვით, მასობრივი ტესტირებით და კონტაქტების მოძიებითაა საჭირო. თუმცა, ამ შტატების უმეტესობაში, კორონავირუსი გაცილებით ნაკლებად იყო გავრცელებული, ვიდრე ეს ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის შტატებში მოხდა. ამასთან, გუბერნატორების უმეტესობა რესპუბლიკელია.
ისეთი შტატები, რომელთაც პანდემია უფრო მძიმედ დაატყდა თავს, მათ შორის ნიუ-იორკი, უფრო ფრთხილ ნაბიჯებს დგამენ. კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ემხრობოდა საყოველთაო შეზღუდვებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაცავად, მიუხედავად მისი ეკონომიკური შედეგებისა.
კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეერთებულ შტატებში 26.5 მილიონი ადამიანი დატოვა უსამსახუროდ. კარანტინს და ეკონომიკის გაჩერებას, ბევრ შტატში საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. რვა შტატს საკუთარი მოსახლეობისთვის სახლში დარჩენა არ მოუთხოვია. ესენია: არკანზასი, აიოვა, ნებრასკა, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ოკლაჰომა, იუტა და ვაიომინგი. თუმცა, მათ შორისაც, უმეტესობამ მიიღო ბიზნესების დახურვის გადაწვეტილება.
ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში 960,000 ადამიანია ინფიცირებული, 54,700 ადამიანი კი გარდაიცვალა. შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 26 აპრილს, თუმცა ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ტესტირების რაოდენობის ზრდაა.
Facebook Forum