ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში ამოუცნობმა მეამბოხემ ცეცხლი გაუხსნა პროვინციაში ვიზიტით მყოფ ავღანელ მაღალჩინოსნებს. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ავღანელი ჯარისკაცი.
თავდასხმა იმ სოფელში მოხდა, სადაც კვირას ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც მოკლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე. თუმცა თალიბანმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცის თავდასხმაზე შურს იძიებს. თალიბი მეამბოხეები ამერიკელი ჯარისკაცების დატყვევებით და მათთვის თავის მოკვეთით იმუქრებიან.
კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განხცადება გააკეთა:
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ინციდენტი უამრავ შეკითხვას ჰბადებს. მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც ავღანეთში, ასევე მთელს მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ამერიკა გააგრძელებს ავღანეთის დახმარებას სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის აშენებაში.“