ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლ’აკუილაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა


ლ’აკუილაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა
ლ’აკუილაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა
<!-- IMAGE -->

იტალიის ქალაქი ლ'აკუილა 2009 წლის მიწისძვრის მსხვერპლთ პატივს მიაგებს. ერთი წლის წინ იტალიამ სამი ათწლეულის მანძილზე ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა განიცადა. იტალიის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ ლ'აკუილაში მიწისძვრის შედეგად 308 ადამიანი დაიღუპა და ათი ათასობით უსახლკაროდ დარჩა. გუშინ ლ'აკუილაში ჩირაღდნებით მორთული ხალხმრავალი პროცესიები გაიმართა. დღეს დილით კი კათოლიკური წირვა ლ'აკუილას კოლემაჯიოს ბაზილიკაში ჩატარდა.

ღამის სამ საათსა და ოცდათორმეტ წუთზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა გასული წლის 6 აპრილს ლ'აკუილაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის ცენტრალურ პიაცა დუომოს მოედანზე მიწისძვრის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ რექვიემი უკრავდა და მიწისძვრის თითოეული მსხვერპლის სახელს ხმამაღლად კითხულობდნენ. ქალაქის არცერთ მკვიდრს არ შეუძლია დაივიწყოს გადატანილი ტრაგედია. სერჯიო ბიანკიმ 22 წლის შვილი ნიკოლა დაკარგა.

„განცდა ძნელია. რისხვით, სევდითა და მარტოობით ვარ აღსავსე," აღნიშნავს სერჯიო.

ქალაქის მოსახლეობას ეძინა, როცა 6.3 სიმძლავრის მიწისძვრამ ლ'აკუილა შესძრა. ლ'აკუილას და ალხო მდებარე ორმოცი დასახლებისა თუ სოფლის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. ბევრმა გარეთ სწრაფად გასვლა ვერ მოასწრო. ათასობით შენობა მთლიანად დაინგრა, ძველი ეკლესიების ჩათვლით.

მიწისძვრას გადარჩენილი სერჯიო ბიანკი აღნიშნავს, რომ მსხვერპლთა ესოდენ დიდი რიცხვი შენობების დაბალი ხარისხით იყო განპირობებული.

ლ'აკუილას ცენტრის დიდი ნაწილი კვლავინდებურად გაჩერებულია. იგივე შეიძლება ითქვას ახლო მდებარე ქალაქებზე. მართალია კარვების ბანაკები აღარ ჩანს, ათასობით პირი ჯერ კიდევ დროებით სახლში ცხოვრობს. იტალიის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ ლ'აკუილაში აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე წელს დაიკავებს.

ლ'აკუილას მერი მასიმო კიალენტე ქალაქის მოსახლეობის განწყობას აჯამებს. „არ დაგვივიწყოთ. სწორედ ეს სურს აქაურ მოსახლეობას," დასძინა კიალენტემ.


XS
SM
MD
LG