2025 წელს, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, უმძიმესი პრობლემებითა და პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში ხვდება. შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეჩერებულია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი. დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების, მიტინგების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერი და მაღალჩინოსანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.
აშშ-ის და ევროკავშირის გარდა, ისეთმა მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, როგორიც დიდმა ბრიტანეთია თბილისთან გაყინა „უორდროპის სტატეგიული დიალოგი“, შეაჩერა დახმარებები თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების კუთხით.
საქართველო რუსეთის წინაშე მარტო რჩება. მინდა რიტორიკული შეკითხვა დავსვა, ომის საფრთხე როდის უფრო მეტია? როდესაც საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს გვერდით თუ როდესაც საქართველო მარტო, იზოლირებული და არალეგიტიმური ხელისუფლებით იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდაზე?!ანდრო გოცირიძე
ანალოგიურად მოიქცნენ: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, დანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ევროპელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქტიურად ედგნენ მხარში.
„ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის კატასტროფაა, ბუნებრივია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი დახმარება, კონკრეტულ თანხებამდე დაიყვანოს-დააკონვერტიროს, რაც საშიში მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
ანალიტიკოსის აზრით, „მაგალითად, ამბობენ რომ აშშ-ს მხოლოდ 6 მილიარდი დოლარი აქვს აქ დახარჯული და ჩვენ ამ თანხას დავაკომპენსირებთო. ეს ასე არ არის! იმიტომ, რომ სტრატეგიული პატრიონობა და თანამშრომლობა მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ, ექსპერტულ, ტექნოლოგიურ და გნებავთ, ნდობისა და თავსებადობის საკითხებს.
იგივე, დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად ეხმარებოდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში. ესტონეთის როლი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, მსოფლიოში ჩვენი როგორც კიბერუსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში...
ამერიკელებზე საუბარიც არ მაქვს. მაგალითისთვის, ერთ ციფრს მოვიყვან, საქართველოს თავდაცვის ძალების ათეულ ათასობით ჯარისკაცმა და ოფიცერმა გაიარა წვრთნა და აღჭურვილია ამერიკული სტანდარტის მიხედვით. აღარაფერს ვამბობ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე, საქართველოს მეგობართა ჯგუფზე, რომლებთან ერთადაც ჩვენ რუსეთს წინააღდეგობას ვუწევდით და ვდავობდით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
“გერმანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან, უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სახელმწიფოს და ახლა იძულებულია შეაჩეროს დახმარება, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსულ რეჟიმს"სალომე სამადაშვილი
აი, ეს სტარტეგიული პოლიტიკური, სამხედრო და ტექნიკური დახმარება საბოლოოდ რომ შეწყდება, საქართველო ბუნებრივია რუსეთის წინაშე მარტო რჩება. მე მინდა ასეთი რიტორიკული შეკითხვა დავსვა, ომის საფრთხე როდის უფრო მეტია? როდესაც საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს გვერდით თუ როდესაც საქართველო მარტო, იზოლირებული და არალეგიტიმური ხელისუფლებით იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდაზე?!
აი, რუსეთი და აშშ, რუსეთი და ნატო თუ დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს როდის უფრო ძლიერი პოზიციები ექნება, როდესაც ნატოსთან და ევროკავშირთან აქტიური მოლაპარაკებები და პარტნიორობა აქვს, თუ როდესაც დასავლეთი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს?! აი, ეს არის ის, რაც მეტყველებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“ - მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემდეგ, გასულ კვირას, გერმანიამ თბილისს 237 მილიონი ევროს ღირებულების (695 მილიონი ლარის) პროექტების დაფინანსებაც გაუყინა. „ეს არის რეაქცია საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის დატოვებასა და პროტესტების ჩახშობაზე. ჩვენ შევწყვიტეთ მწვანე წყალბადის, ენერგოქსელის, ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება“ - აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
“გერმანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან, უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სახელმწიფოს და ახლა იძულებულია შეაჩეროს დახმარება, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსულ რეჟიმს, მიტაცებული აქვს ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ეწინააღდეგება დასავლურ ინტერესებს“ - ამბობს ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი.
"ქართული ოცნების“ სურვილია გაატაროს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს. „ქართულ ოცნებას“ არ სურს პაიკი იყოს მედასავლეთეების ხელშისერგეი ლავროვი
დემოკრატიული დასავლეთისგან სულ უფრო მზარდი იზოლირების ფონზე, „ქართული ოცნების“ მისამართით დითირამბებს არ იშურებს ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი აქვს მიტაცებული. უფრო მეტიც, უკვე ტრადიციულად, კრემლსა და „ქართულ ოცნებას“ იდენტური, ანტიდასავლური მესიჯბოქსი აქვთ.
„აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი დააყენონ ცრუ დილემის წინაშე: ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ 2024 წლის შემაჯამებელ ინტერვიუში, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია „გაატაროს „სუვერენული პოლიტიკა", რომელიც „ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს“. „ოცნებას“ არ სურს „პაიკი იყოს მედასავლეთეების ხელში“, რომლებიც ქვეყანას „დესტაბილიზაციის, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ“ უბიძგებენ.
ლავროვის თქმით, „ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა, როგორც თავისუფალი, მაგრამ შედეგების „გადათამაშება“ სურთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ხალხის არჩევანი არ მოეწონათ მეთოჯინეებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში“.
რუსეთის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ კრემლის სურვილია საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზაცია“ იმისდა მიხედვით, რამდენად არის თბილისი ამისთვის მზად.
ამავე დროს, ოკუპანტი რუსეთი რა თქმა უნდა არც კი განიხილავს დეოკუპაციას და საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას.
„საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა (და) ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას"მაკა ბოჭორიშვილი
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არის ზღურბლი…ეს არის მოცემულობა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს“ - განაცხადა "ტასთან" ინტერვიუში, რუსეთის დუმის ანტიქართული განწყობებით გამორჩეულმა დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა. იგი ეჭვქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ დაპირებას, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა, როგორც „რუსეთის აგენტი“ და „ქართული ოცნება“, ტრადიციულად უარყოფენ რომ ქართული სახელმწიფო საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანეს და მმართველ ძალას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა უდგას.
2024 წლის ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებით მოცული თბილისის ნაცვლად, კახეთში გაიმართა, „ოცნების“ სპიკერები ამტკიცებდნენ რომ დემოკრატიული რეფორმებით საქართველო ლიდერია რეგიონში, ხოლო ეკონომიკური ზრდით, პირველ ადგილზეა, ევროკავშირის მასშტაბით.
"ოცნების" მხრიდან, ეს განცხადებები გაკეთდა ასეულობით სასტიკად ნაცემი, დასახიჩრებული, ნაწამები, გაძარცვული და დაპატიმრებული დემონსტანტების ფონზე.
„საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა (და) ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას საითკენაც მივისწრაფვით. დიდია ჩვენი დიპლომატების როლი, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების (წინააღმდეგ) სათანადოდ გამკლავებაში“ - განაცხადა ამბასადორიალზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ჯერჯერობით მხოლოდ: ჩინეთი, ირანი, თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ოკუპანტი რუსეთი აღიარებენ, რომელთანაც 2008 წლის შემოჭრისა და აგვისტოს ომის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია.