რუსეთის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს, ეუჯინ სპექტორს, ჯაშუშობის ბრალდებით 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მოსკოვს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის უცხოეთის მოქალაქეებს მათ მოგვიანებით პატიმართა გაცვლისთვის სავაჭროდ ასამართლებს და იყენებს.
სპექტორს განაჩენი 24 დეკემბერს მოსქოვის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ფარმაცევტული კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ ბრალდებების შესახებ ბევრი არაა ცნობილი. სასამართლო ამტკიცებს, რომ პროცესის საზოგადოებისთვის დახურვა საქმეში არსებული გასაიდუმლოებული მასალების გამო გახდა აუცილებელი.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ახლა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული. მოსკოვს დასავლეთში ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ ამერიკის მოქალაქეებს გამოგონილი დანაშაულებისთვის აპატიმრებენ, რათა შემდეგ შინ დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის ამა თუ იმ დასავლურ ქვეყანაში იხდიან.
რუსეთში გისოსებს მიღმა ამერიკის, სულ მცირე, 10 მოქალაქე რჩება. ეს მას შემდეგაც, რაც 1 აგვისტოს რუსეთი 16 მოქალაქის გათავისუფლებას დათანხმდა. სანაცვლოდ კი ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში მყოფი 8 პატიმარი დაიბრუნა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, სპექტორი 1972 წელს მაშინდელ ლენინგრადში დაიბადა და მოგვიანებით, ამერიკაში ცხოვრების შემდეგ, ამერიკის მოქალაქე გახდა, მისი რუსული სახელი და გვარი კი ევგენი მირონოვიჩია. ის "მედპოლიმერპრომის ჯგუფის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო. კომპანია კიბოსთან საწინააღმდეგო მედიკამენტებზე მუშაობს. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2021 წელს მიუსაჯეს, მექრთამეობის ბრალდებით. შემდეგ კი სასჯელი 6 თვემდე შეუმცირდა.