ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთის პრეზიდენტი მთავრობის ჩამოყალიბებას სოციალ-დემოკრატებს ავალებს


რუმინეთის სამი პროევროპული პარტია შეთანხმდა კოალიციის დეტალებზე, რამაც მათ საპარლამენტო უმრავლესობა მიანიჭა. ამის შემდეგ, ორშაბათს რუმინეთის მიმავალმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მემარცხენე სოციალ-დემოკრატ პრემიერ-მინისტრს - მარჩელ ჩოლაკუს დაავალა.

კოალიციური მთავრობა, რომელიც პარლამენტის ნდობის ვოტუმს სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს, მოიცავს ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებს, მემარჯვენე-ცენტრისტ ლიბერალებს და ეთნიკურ უნგრულ პარტიას UDMR. უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად, კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დაახლოებით 54 %-ს აკონტროლებს.

ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაში, რომელსაც უკრაინასთან ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად სამმა კენჭისყრამ პოლიტიკური ქაოსი გამოიწვია. პირველ რაუნდში, ნაკლებად ცნობილმა უკიდურესად მემარჯვენე პრორუსმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. არჩევნებში რუსული ჩარევის ეჭვის ფონზე, უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგი გააუქმა.

ახალმა მთავრობამ ორრაუნდიანი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი უნდა დაამტკიცოს. კოალიციის სამი პარტია შეთანხმდა მხარი ერთ კანდიდატს დაუჭიროს, რათა უკიდურეს მემარჯვენეებს გამარჯვების საშუალება არ მისცეს. ამჟამად მათი კანდიდატია კრინ ანტონესკუ, ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერი.

რუმინეთის მთავრობის ახალი კაბინეტის წინაშე ასევე იქნება რთული ამოცანა, დეფიციტი 8.6 პროცენტიდან, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 2025 წელს დაახლოებით 7%-მდე დაიყვანონ. ანალიტიკოსები და სოციოლოგიური ორგანიზაციები მოელიან, რომ ეს გადასახადების მკვეთრ ზრდასთან იქნება დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG