7 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ "ექსის" მეშვეობით ავრცელებს.
"პრეზიდენტებს - მაკრონსა და ტრამპთან, ღრმა განხილვა მქონდა. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა ძლიერი ამერიკის აუცილებლობას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით, მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები",- წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა იქვე გამოაქვეყნა საუბრის ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონთან და დონალდ ტრამპთან. ზურაბიშვილი ახლა საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით იმყოფება, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრება. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტაძარში ყოფნის დროს, დონალდ ტრამპს პირადად მიესალმა. ამის შემდეგ კი მან სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, რომ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ესაუბრა კიდეც.
სალომე ზურაბიშვმა "ექსზე" ილონ მასკთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასკთანაც ისაუბრა საქართელოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ილონ მასკი "ექსის" მფლობელია და ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდამავალ გუნდში ვივეკ რამასვამისთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
„არაჩვეულებრივი საუბარი [მქონდა] საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ილონ მასკთან. მოუთმენლად ველი, როდის ვუმასპინძლებთ მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.