შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სულ 6 დღე დარჩათ იმისთვის, რომ ამერიკელი ამომრჩევლები გადაიბირონ და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის გამარჯვება უზრუნველყონ.
ადრეულ არჩევნებში 50 მილიონამდე ამერიკელმა საკუთრ რჩეულს ხმა უკვე მისცა. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ ცოტა, ორი ამდენი ამერიკელის გამოცხადებას ელიან. 2024 წლის არჩევნებისთვის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 161 მილიონს აჭარბებს. წინა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 155 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, 29 ოქტომბრის შემაჯამებელი გამოსვლისთვის თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. რესპუბლიკელთა ნომინანტმა დონალდ ტრამპმა კი წინასაარჩევნო შეხვედრა პენსილვანიაში გამართა, პოლიტიკური ორთაბრძოლის ერთ-ერთ ცენტრალურ, ე.წ. მერყევ შტატში, რომელმაც დანარჩენ 6 შტატთან ერთად, შესაძლოა ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტოს.
ტრამპისა და ჰარისის რეიტინგები ამ შვიდი შტატიდან ზოგიერთში მცირე უპირატესობას აჩვენებს, რომელიც სტატისტიკური ცდომილების ზღვრის ფარგლებში ექცევა და შესაბამისად, ართულებს იმის ვარაუდს, თუ ვინ შეიძლება იქ გაიმარჯვოს. მთელი ამერიკის მასშტაბით კი საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორივე საარჩევნო კამპანია ამერიკელ ამომრჩევლებში თითქმის ერთნაირი წარმატებით სარგებლობს.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის დაგროვება სჭირდება.
Facebook Forum