ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის უშიშროების სამსახურ „მი5“-ს ხელმძღვანელის განცხადება, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა „გრუ“ მუშაობს იმისთვის, რომ ბრიტანეთში და ევროპაში ქაოსი გამოიწვიოს, უსაფუძვლოა და იგნორირებას იმსახურებს.
„მი5“-ს შეფმა მაკკალუმმა სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „გრუ“ -ს „ჰქონდა მუდმივი მისია, ბრიტანეთის და ევროპის ქუჩებში არეულობა შეექმნა: ჩვენ ვნახეთ ცეცხლის წაკიდება, დივერსია და უფრო მეტი.“
კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ასეთ ბრალდებებს არ მიიღებს და ისინი ყურადღებას არ იმსახურებს.
„ყველა ეს განცხადება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა“, თქვა მან.
ბოლო თვეებში, უკრაინაში ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებმა და ნატოს ალიანსმა რუს ჯაშუშებს ბრალი დასდეს, რომ მთელ კონტინენტზე მტრული ქმედებების წყებას მიმართავენ.
გასულ თვეში „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურ „მი6“-ის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ ერთად მუშაობენ, რათა „რუსული დაზვერვის მიერ მთელ ევროპაში წარმართული დივერსიების უპასუხისმგებლო კამპანია და ჩვენს შორის ბზარის გასაჩენად, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებაში ტექნოლოგიის ცინიკური გამოყენება’ ჩაშალონ.