ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისს პენსილვანიაში პოზიციების გასაძლიერებლად ბაიდენის იმედი აქვს


ორშაბათს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი, პენსილვანიის შტატში ერთობლივ საკამპანიო ღონისძიებას ატარებენ. კამალ ჰარისი ცდილობს თავისი კანდიდატურა, როგორც „წინსვლის ახალი გზა“ და იმავდროულად, ბაიდენის და მისი პოლიტიკის მიმართ ინტენსიური ერთგულება დააბალანსოს.

წყვილი მონაწილეობას მიიღებს პიტსბურგის შრომის დღის აღსანიშნავ აღლუმში და კომენტარებს გააკეთებს. ეს იქნება პოლიტიკურ სცენაზე მათი პირველი ერთობლივი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მოულოდნელმა საარჩევნო გადაჯგუფებამ, 2024 წლის არჩევნებში დემოკრატების ენთუზიაზმს ახალი ბიძგი მისცა.

ჰარისის კამპანიამ თქვა, რომ პენსილვანიელმა ამომრჩევლებმა ახალი ენერგია მიიღეს მას შემდეგ, რაც ექვსი კვირის წინ, ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა და ათობით ათასი ახალი მოხალისე, მისი და მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცის, დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.

59 წლის ჰარისი ცდილობს ამომრჩევლებს თავი წარუდგინოს, როგორც "შხამიანი პოლიტიკისგან" შორს მდგომი, უარყოფს თავისი რესპუბლიკელი ოპონენტის, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მძაფრ რიტორიკას და იმავდროულად ბაიდენის ეპოქიდან გასვლაც სურს. თუმცა, შეიძლება ჰარისი ბაიდენისგან ბევრად განსხვავებულად გადმოსცემდეს, მაგრამ მისი გეგმა გაჯერებულია იმ საკითხებით, რომელიც ბაიდენის პოლიტიკის წამყვანი თემები იყო: რეცეპტით გაცემული წამლების ფასის ზედა ზღვრის დაწესება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონი, ეკონომიკა და ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკურ ღონისძიებაზე მიკროფონთან ერთად არ გამოსულან მას შემდეგ, რაც ბაიდენი თავად იბრძოდა პრეზიდენტის თანამდებობისთვის. იმ დროს, ბაიდენის კამპანია ჰარისს, ძირითადად, აბორტის უფლებების თემაზე მთავარ მოსაუბრედ წარადგენდა. ბაიდენის კამპანიას მიაჩნდა, რომ აბორტების თემა მათ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებოდა.

81 წლის პრეზიდენტმა, ივლისში, დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატის შემდეგ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ბაიდენი საკუთარი პარტიის მხრიდან სულ უფრო მზარდ მოწოდებებს ისმენდა, ახალი თაობისთვის სივრცე გაეთავისუფლებინა.

ჰარისის და ტრამპის დებატი 10 სექტემბერსაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG