ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის ზავისთვის „შესაძლო ბოლო შესაძლებლობა“ - ბლინკენი ისრაელშია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება და ღაზის სექტორში ომის დასრულებას ცდილობს ამბობს, რომ ღაზის ზავისთვის, შესაძლოა, ახლა "ბოლო შესაძლებლობა“ იყოს.

ეს ისრაელში ენტონი ბლინკენის რიგით მეცხრე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბრის თავდასხმაზე საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი - ალბათ საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, ყველასთვის უკეთესი მომავლისთვის, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენი უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთანაც. მდივანი ბლინკენი, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეხვედრებზე იმ წინადადებებს აცნობს, რაზეც შესაძლოა „ჰამასთან“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, შეთანხმების გაფორმება მოხდეს.

შეთანხმების პირობები, გასულ კვირაში, დოჰაში ამერიკის შეერთებული შტატების, კატარის და ეგვიპტის ჩართულობით განიხილეს. უცვლელი საკითხებია, „ჰამასის“ მიერ, ისრაელიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული პირების გათავისუფლება და ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების სრული გასვლა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში კვირას ჩავიდა. მისი ვიზიტის დაწყებიდან მალევე, თელავივში, სინაგოგასთან ბომბი აფეთქდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების დროს დაიღუპა თავდამსხმელი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ირსრაელის ორ სამხედრო ბაზაზე იერიშები მიტანა „ჰეზბოლამაც“. თავდასხმისთვის გამოყენებული იყო რაკეტები და დრონები. თავდასხმის სამიზნე ყაზარმა და ქალაქ აკრის მახლობლად არსებული ისრაელის სამხედრო ბაზები იყო. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას სამხრეთ ლიბანში ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელმა ლიბანის რამდენიმე ქალაქი დაბომბა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, ომი გრძელდება ღაზაში. ისრაელმა ხან იუნისის ჩრდილოეთ ნაწილი დაბომბა.

ომი ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც "ჰამასის" მებრძოლები ისრაელს თავს დაესხნენ.

თავდასხმის დროს "ჰამსის" მებრძოლებმა 1 200-მდე ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად გაიტაცეს. მათი ნაწილი დააბრუნეს, ზოგი ტყვეობაში გარდაიცვალა, ნაწილი კი კვლავ ღაზის სექტორში იმყოფება, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ისრაელი "ჰამასისგან" ასევე მოითხოვს 39 გარდაცვლილის ცხედარის გადაცემას.

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას, მალევე, ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა ტერორისტული თავდასხმა უწოდეს.

ისრაელს და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში, 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, - განაცხადა 15 აგვისტოს პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებამ, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. იმავე წყაროს ცნობით, დაჭრილთა რაოდენობა 92 401-ს აჭარბებს, ადგილობრივ მოსახლეთა 85% კი დევნილად იქცა. უწყება არ აკონკრეტებს, დაღუპულთა შორის, რამდენია "ჰამასის" მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG