ისრაელს და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, - განაცხადა 15 აგვისტოს პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. იმავე წყაროს ცნობით, დაჭრილთა რაოდენობა 92 401-ს აჭარბებს, ადგილობრივ მოსახლეთა 85% კი დევნილად იქცა. სამინისტრო დაღუპულთა შორის ერთმანეთისგან არ არჩევს მშვიდობიან მოსახლეობას და "ჰამასის" მებრძოლებს.
პალესტინელთა განცხადება ემთხვევა მედიატორების მორიგ მცდელობას, როგორმე მიაღწიონ მხარეებს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმებას. კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში უკვე მე-11 თვეს ითვლის.
ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელთა დაჯგუფების მებრძოლები, 7 ოქტომბერს, თავს დაესხნენ ისრაელს, 1 200-მდე ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად გაიტაცეს. მათი ნაწილი დააბრუნეს, ზოგი ტყვეობაში გარდაიცვალა, ნაწილი კი კვლავ ღაზის სექტორში იმყოფება.
ეს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო. "ჰამასს" მძევლად კიდევ 111 ისრაელელი ტყვე ჰყავს, იტყობინება ისრაელი. მათ შორის 15 ქალია და ორი 5 წლამდე ასაკის ბავშვი. ისრაელი ასევე ითხოვს მათ შორის მყოფი 39 გარდაცვლილის გვამის გადაცემას.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებაში თვლიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია. შესაძლოა, დამატებით ათასობით ადამიანი იყოს საჰაერო იერიშების დროს მოკლული და შენობათა ნანგრევებში მოყოლილი. პალესტინელები, რომლებიც დაბომბვებს გაურბიან, დაღუპულებს მარხავენ იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ, ეზოებში, რკინიგზის ლიანდაგებთან, კიბეებთან და ა.შ.
ისრაელი აცხადებს, რომ ომს "ჰამასის" სრულ განადგურებამდე არ დაასრულებს. ოფიციალური ცნობებით, ომში ისრაელმა 329 ჯარისკაცი დაკარგა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - 15 000-ზე მეტი მებრძოლი.
ომმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რისკიც გაზარდა. ლიბანის მხრიდან "ჰეზბოლას" და ისრაელის ძალებს შორის ცეცხლის გახსნა თითქმის ყოველდღიური რეალობა გახდა. ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქედან 350 "ჰეზბოლას" წევრია.
12 აგვისტოს, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით ატომური წყალქვეშა ნავი გააგზავნა. მანამდე, ერთი კვირით ადრე, პენტაგონმა განაცხადა, რომ იქ დამატებით ძალებს, სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს აგზავნიდა. მათ შორის იყო ბირთვული ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი". პენტაგონის განმარტებით, ეს შემდგომი ესკალაციის შეკავების მიზნით მოხდა, ვინაიდან არსებობს ირანის მხრიდან ისრაელზე საპასუხო იერიშის მიტანის რისკი.
Facebook Forum