ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საუდის არაბეთს თავდასხმით იარაღს კვლავ მიჰყიდის


იემენში საუდის არაბეთის სისხლიანი ოპერაციის გამო, მრავალი წლის განმავლობაში არსებული შეზღუდვის შემდეგ, შეერთებული შტატები საუდის არაბეთს თავდასხმით იარაღს კვლავ მიჰყიდის. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ორშაბათს გააკეთა.

ღაზაში ომის მიმდინარეობის ფონზე, საუდის არაბეთი, რეგიონში შეერთებული შტატების მთავარ მოთამაშედ განიხილება და სწორედ ამ ფონზე, დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის დაუბრუნდება იარაღის მიყიდვას, „ჩვეული წესით, კონგრესთან შესაბამისი შეტყობინებებითა და კონსულტაციით.“

"საუდის არაბეთი რჩება შეერთებული შტატების ახლო სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის გაღრმავებას", - განაცხადა ვედანტ პატელმა.

2021 წელს, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დაიკავა პირობა დადო, რომ საუდის არაბეთისადმი ახალი მიდგომა ექნებოდა, რომელიც ხაზს გაუსვამდა ადამიანის უფლებების მნიშვნელობას. მაშინ პრეზიენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია თავის დიდი ხნის პარტნიორს მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწოდებდა.

შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთისთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდება მას შემდეგ შეაჩერა, რაც, სავარაუდოდ, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა იემენში სწორედ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მომხდარი საჰაერო თავდასხმების დროს, მათ შორის ბავშვები. ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ კამპანიის დროს მოხდა, რომლებმაც ქვეყნის დიდ ნაწილზე მოიპოვეს კონტროლი.

მაგრამ, გეოპოლიტიკური ვითარება მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ამერიკის მხარდაჭერით და შუამავლობით დაამყარა ზავი 2022 წლის დასაწყისში, რომელიც ძირითადად შენარჩუნებულია.

ზავის დადების შემდეგ, „არ განხორციელებულა საუდის არაბეთის არც ერთი საჰაერო თავდასხმა იემენში და იემენიდან საუდის არაბეთში საზღვრისპირა ცეცხლი დიდწილად შეჩერებულა“, - თქვა პატელმა.

XS
SM
MD
LG