ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ გრძელდება. როგორც 2024 წლის 9 აგვისტოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, ისინი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ხან იუნისის მიმართულებით უტევენ.
მიზეზი გასულ დღეებში ამ ტერიტორიიდან ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშებია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ თავდასხმა მიუთითებს, რომ ქალაქ ხან იუნისში კვლავ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტები ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებენ.
სახმელეთო ოპერაციის წინ ისრაელმა ღაზის სექტორის ამ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ღაზის სექტორის ამ ნაწილში მცირე ხნის წინ დაბრუნდენ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხან იუნისში შესაძლოა იმალებოდეს „ჰამასის“ ახალადარჩეული ლიდერი იაჰია სინვარი. სინვარმა ტერორისტული ჯგუფის ლიდერის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც ირანში, სავარაუდოდ ისრაელმა მოკლა ისმაილ ჰანიე, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ჰამასს“.
ხან იუნისის მიმართულებით ახალი, რიგით მესამე სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ, 8 აგვისტოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ განაახლებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის ლიდერების ჩართულობით.
„ამერიკისა და შუამავლების წინადადებების შესაბამისად, ისრაელი 16 აგვისტოს გააგზავნის მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რათა განისაზღვროს ჩარჩო-შეთანხმების დეტალები,“- წერია განცხადებაში რომელსაც ნეთანიაჰუს ოფისი აქვეყნებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სხვა ლიდერებთან ერთად ამბობს, რომ „დადგა დრო“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. აქვე გაკეთდა შეთავაზება მოლაპარაკებების განახლების შესახებ, რომელიც 15 აგვისტოს კაიროში ან დოჰაში უნდა გაიმართოს.
9 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვაშინგტონი და პარტნიორი ქვეყნები მზად არიან წარადგინონ ისეთი საშუამავლო წინადადება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შესაძლებელს გახდის. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი კონფიდენციალურობის დაცვით ამბობს, რომ მაგიდაზე დევს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი, მოლაპარაკებების შესახებ შეთავაზებას ამ დრომდე არ პასუხობს.
Facebook Forum