პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, დემოკრატმა კანონმდებლებმა, გუბერნატორებმა, დონორებმა მალევე გამოუცხადეს მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
ბაიდენმა კვირას, ნაშუადღევს, საარჩევნო კამპანიის დასრულების თაობაზე გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ, მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პარტიის ნომინანტად ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭერს მხარს. დემოკრატებს კი მოუწოდა, გაერთიანდნენ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.
59 წლის ჰარისი, რომელმაც მალევე თქვა, რომ ნომინაციის მიღებაზე თანახმაა, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ შტატს წარმოადგენს. კალიფორნიელი სენატორი ბაიდენმა, 2020 წელს, ვიცე-პრეზიდენტად მას შემდეგ აირჩია, რაც ჰარისი თავად მონაწილეობდა წინასაარჩევნო პრაიმერებში
პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც 21 ივლისს თქვა, რომ არჩევნებში პარტიის ნომინანტი აღარ იქნება, დემოკრატთა 4000-მდე დელეგატის ხმა, პრაქტიკულად, გარანტირებული ჰქონდა. ახლა ამ ხმების ბედი, 19-22 აგვისტოს, დემოკრატიული პარტიის ჩიკაგოს კონვენციაზე უნდა გადაწყდეს. ბაიდენი დელეგატებს მოუწოდებს, ჰარისს დაუჭირონ მხარი, თუმცა ისინი ვალდებულნი არ არიან ეს მოწოდება შეასრულონ.
ბაიდენის განცხადებამდეც განიხილებოდა შესაძლებლობა, რომ პარტიას კონვენციაზე შეკრებამდე დელეგატებისთვის ვირტუალური კენჭისყრა მოეწყო. თუკი ამ კენჭისყრისას კამალა ჰარისი დელეგატების უმრავლესობის ხმებს მიიღებს, მაშინ მას პარტიის ნომინანტად დაასახელებენ. თუ არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობა, მაშინ ნომინანტს ღია კონვენციისას გამოავლენენ. თუკი ვირტუალური კონვენცია ლიდერს ვერ გამოავლენს, ყველაფერი აგვისტოში, ჩიკაგოში გადაწყდება.
დემოკრატიული პარტიისთვის დრო გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. მათ ახალი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება უნდა მოახერხონ, რათა საყოველთაო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუპირისპირდნენ, რომელმაც გასულ კვირას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი დაასახელა.
კამალა ჰარისის რეიტინგი ეროვნული მასშტაბის გამოკითხვებში თითქმის ჯო ბაიდენის მსგავსია, თუმცა ზოგიერთი კვლევით, ტრამპთან მიმართებით, ჰარისს ბაიდენზე უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ ტრამპს მაინც ჩამორჩება. ზოგის მიხედვით კი, სულ ოდნავ უსწრებს რესპუბლიკელ მეტოქეს.
ჰარისმა თქვა, რომ ბაიდენმა კანდიდატურის მოხსნით კვლავ ის გააკეთა, რასაც მთელი ცხოვრებისა და საჯარო სამსახურის განმავლობაში აკეთებდა, - "ამერიკელი ხალხი და ქვეყანა ყველაფერზე მაღლა დააყენა."
"მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დემოკრატიული პარტია და ჩვენი ქვეყანა, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად გავაერთიანო", - თქვა მან და დასძინა: "არჩევნებამდე 107 დღეა, ჩვენ ვიბრძოლებთ, და ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა.
დემოკრატთა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - ActBlue, რომელიც პარტიისთვის ფინანსების მოზიდვაზე მუშაობს, კვირას განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ დღეში, იმავე დღეს, ჰარისის კამპანიისთვის 46.7 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. ეს კი მაშინ, როცა ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის კამპანიისთვის ფინანსების მოზიდვა გართულებული იყო.
"შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაცია" აცხადებს, რომ შტატების პარტიების ლიდერების უდიდესი უმრავლესობა ჰარისს მხარს უჭერს, ზოგს კი პროცედურული მიზეზების გამო ხმა არ მიუცია.
კვირას, ჰარისის მხარდამჭერებს დაემატა ტრანსპორტის მდივანი, პიტ ბუტიჯეჯი, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჰარისის დასახმარებლად.
თუკი, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად, ბაიდენის ნაცვლად, ჰარისს აირჩევენ, მაშინ ის ამერიკის 248 წლიან ისტორიაში, პირველი შავკანიანი და სამხრეთ აზიური წარმოშობის ქალი გახდება, რომელიც წამყვანი პარტიის ნომინანტი ოდესმე ყოფილა.