8 ივლისს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიმდინარეობდა. შედეგად, დაიღუპა 38 ადამიანი. მძიმე სიტუაციაა კიევშიც, სადაც რუსეთმა საბავშვო საავადმყოფო დაბომბა.
"ამერიკის ხმის" უკრაინულმა რედაქციამ ამერიკელ კანონმდებლებს კიევში ორშაბათს რუსეთის თავდასხმებზე კითხა. კონგრესმენები მომხდარს გმობენ.
“ეს გენოციდია. ეჭვგარეშეა, ვლადიმირ პუტინი კვლავ ომის დანაშაულებებს სჩადის. საავადმყოფოს დაბომბვა გაუგონარი და უპატიებელია. ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და ჩვენი ნატოელი მოკავშირეების პასუხი სათანადო უნდა იყოს. უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმგვარი დახმარების გაწევა, რომელიც მას თავდაცვისათვის სჭირდება. ნატოსა და შეერთებული შტატების გზავნილი ნათელი უნდა იყოს: რომ ჩვენ ამას არ მოვითმენთ და რომ ჩვენ ერთად ვართ", - აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ლოულერი.
ამ შეფასებას იზიარებს კონგრესმენი კონგრესმენი ფრენჩ ჰილიც. “ვფიქრობ, რუსეთმა ამაზრზენი რამ ჩაიდინა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია და ამავე დროს გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილს არღვევს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ურღვევობას ეხება. პუტინმა ავადმყოფური, სასოწარკვეთილი, მკვლელი რეჟიმი შექმნა, რომელიც მეათე წელია, უკრაინელებს კლავს. დღეს ახალი არაფერი მომხდარა. დღეს მორიგი დღე იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სიკვდილი მოიტანა", - ამბობს ის.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. რუსეთი საბავშვო საავამყოფოზე იერიშს უარყოფს და მტკიცებულებების გარეშე, ბრალს კიევს დებს.
თუმცა, გაეროს უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ მათი ანალიზის მიხედვით, მომხდარი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო რუსული რაკეტის პირდაპირი დარტყმით. კონგრესმენი ჯეისონ ქროუ აცხადებს, რომ მომხდარი ადასტურებს, რომ რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს სამიზნეში.
“ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმირ პუტინი და მისი ომის დამნაშავე გენერლები მიზანმიმართულად ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინელ ხალხს. ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა მორიგი მომაკვდინებელი მაგალითია. ის უკრაინელი ხალხის გატეხვას ცდილობს, მაგრამ ის არ იცნობს უკრაინელებს. მას არ ესმის, რომ უკრაინელთა ნება ურყევია და ურყევია დასავლეთიცა და ნატოც. ჩვენ მას დავანახებთ ჩვენ სიმტკიცეს - რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინელთა დახმარებას. უკრაინა იბრძოლებს და გაიმარჯვებს", - ამბობს დემოკრატი კონგრესმენი.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეახსენებს მსოფლიოს "რუსეთის სისასტიკეს".
„ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა დავეხმაროთ [უკრაინას] ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში რუსული თავდასხმებისგან“, - თქვა ბაიდენმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე აღმოჩენილია ფრთოსანი რაკეტის, Kh-101-ის უკანა ნაწილის ფრაგმენტები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.
“მთელმა მსოფლიომ უნდა იმოქმედოს რაც შეიძლება გადამწყვეტად, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს. მკვლელობა - ეს არის ის, რაც პუტინს მოაქვს. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ვაშინგტონში ნატოს სამიტში იღებს მონაწილეობას, "ტელეგრამზე".