ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეს კრემლის მაქინაციების შედეგია" - კონგრესმენები უილსონი და კოენი


"იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა - გაკვირვებული", - ამბობს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე. "ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულვებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს", - წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა "X"-ზე.

ამავე ქსელში მცირე განცხადებას აქვეყნებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც და თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის შეფასებას ეყრდნობა:

"როგორც [კომიტეტის] თავმჯდომარემ, სენატორმა კარდინმა თქვა, საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღება სევდიანი დღეა საქართველოსთვის. მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ ისინი არ მისცემენ ივანიშვილს უფლებას, გაანადგუროს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - ვკითხულობთ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ე.წ. "ჰელსინკის კომისიაც". კომისია პლატფორმა "X"-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს:

"საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა".

"კონგრესში ველით "მეგობარი აქტის" დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში [მეგობარი აქტში] და სხვაგანაც არის გაწერილი", - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში.

„კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. მისმა თავმჯდომარემ და წევრებმა გასულ კვირას "მეგობარი აქტი" დაარეგისტრირეს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრეს საქმიანობაში მხილებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს, ქვეყნის მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში კი თბილისს გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდრება.

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაც დაგმო.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო.

"ქართულმა ოცნებამ" უგულვებელყო ევროსაბჭოს "ვენეციის კომისიის" სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ეს კანონი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტი-დასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ევროკავშირში წევრობას და ასევე, რისკს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შესაძლოა ვეღარ შეძლონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მოპოვება იმ ახალი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში მოგზაურობას.

ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

XS
SM
MD
LG