“კოშმარად ქცეული ოცნება” - ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროოცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უფრო და უფრო აკარგვინებს ამერიკას დ აევროკავშირს სურვილს კარი გაუღონ საქართველოს. კოენი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს თბილისში იყო და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩევნებში გამარჯვების ღამეს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიხარული საკუთარი თვალით იხილა, დღეს ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ხალხს იმედი გაუცრუა და დაპირებები არ შეუსრულა.
- კონგრესმენო, თქვენ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მოუწოდებდით, საქართველოს მთავრობას უარი ეთქვა “უცხოური გავლენების” შესახებ კანონპროექტზე, თქვენი კოლეგების მსგავსად, ამბობდით, რომ იძულებული გახდებოდით, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის ცვლილებისთვის დაგეჭირათ მხარი. რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება ორი ქვეყნის პარტნიორობის ამ ეტაპზე?
- ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია.
მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიის საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება...
ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან.
სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ.
- საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება ამ კანონის რუსულ რეგულაციებთან შედარებას და ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობაა. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი რეგულაციები ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებშიც მოქმედებს. რადგან ამ კანონს აკრიტიკებთ, როგორ ფიქრობთ, რა რეალური ზიანი შეიძლება მან მოუტანოს ქართულ დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების ნაწილს დასავლეთიდან იღებენ, რა მოხდება შემდეგ?
- ვფიქრობ, ამის მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება... არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ეს სურს. ვფიქრობ, მათ რუსეთთან დაახლოება უნდათ…
როცა თბილისში ჩავედი, და მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ვფიქრობდი, რომ პარტიის სახელიც შესანიშნავად იყო შერჩეული. წინა ხელისუფლებას ბევრი ცუდი ჰქონდა გაკეთებული, ბევრი კითხვის ნიშანი იყო მათ მიმართ, “ქართულ ოცნებას” კი კარგ სახელთან ერთად, კარგი კამპანია ჰქონდა, მაგრამ მათ ეს სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.
ხშირად ვხედავთ იმას, რომ ავტორიტარული მთავრობა, როცა ძალაუფლებას მიიღებს, ცდილობს ის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და მას დააბრალოს ის, რასაც ხშირად თავად აკეთებს.
ისინი [უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ] ორბანის მსგავსად იქცევიან, არ სურთ თავიანთ ქვეყნებში იმ ხალხის გავლენა, ვინც მათ ავტორიტარულ ძალაუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
- სენატორებიც და კონგრესმენებიც საუბრობენ საპასუხო ზომებზე იმ ნაბიჯების საპირწონედ, რაც მათი აზრით, ქვეყანას დასავლურ მომავალს აშორებს. როგორ ფიქრობთ, არის ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები, სანქციები ის გზა, რომელიც შეიძლება ამერიკელმა კანონმდებლებმა აირჩიონ იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და რომლის მოსახლეობაც ამ პარტნიორობასა და დასავლურ ინტეგრაციას მხარს უჭერს?
- ქართველი ხალხი ნამდვილად ასე ფიქრობს, ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს ამ მთავრობისგან. ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ...
რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის.
ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს.
- რას ნიშნავს ის, რომ რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა, რეგულაციები, მეტ-ნაკლებად მსგავსი შეზღუდვები მის სამეზობლოშიც იჩენს თავს. რეგულაციები სუვერენიტეტის, გამჭვირვალობის სახელით - ამგვარადაც ვრცელდება მოსკოვის ავტორიტარული მმართველობის გავლენა რეგიონში?
- არ მგონია ეს გამჭვირვალობას ქმნიდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს საფრთხეა. ჩვენ ვხედავთ [მსგავს მოვლენებს] უნგრეთში, [ვიქტორ] ორბანის ხელისუფლებაში, ეს თავს იჩენს ევროპის ზოგ სხვა ადგილასაც. სამწუხაროდ გარკვეულ ხანს ბევრი მიმართულებებით შემზღუდავი იყო პოლონეთის ხელისუფლებაც, ცდილობდა ძალაუფლების კონსოლიდირებას. უამრავ ქვეყანას ვხედავთ, სადაც არ სურთ გახსნილი და მიმღებლური საზოგადოების ყოლა.
ვფიქრობ, [საქართველოში] ისინი [ხელისუფლება] უფრო მეტად არიან რუსეთისკენ გადახრილნი, ვიდრე - დასავლელი მოკავშირეებისკენ. მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა, რომელსაც მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
- “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ძალიან ხშირად ახსენებენ ამერიკაში მოქმედ კანონს, ე.წ. ფარას - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს". ამბობენ, რომ საქართველოს კრიტიკა იმის გამო, რაც თავად ამ ქვეყნებშიც მოქმედებს, ორმაგი სტანდარტი, ან თუნდაც შანტაჟია. როგორ ფიქრობთ, რა მსგავსება ან განსხვავება შეიძლება იყოს ამ ორ კანონს შორის?
“ფარა” ეხება ლობისტურ საქმიანობას, ის არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის.
- “ფარა” ეხება ლობისტურ საქმიანობას, ის არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის. ის გავლენას ახდენს ლობისტებზე. ორგანიზაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობების მიზნების მიღწევას ცდილობენ. არის განსხვავება იმაში, რომ ეცადო მოახრჩო სამოქალაქო საზოგადოება ან ეცადო, რომ გაიგო, რას წარმოადგენენ ორგანიზაციები, რომლებიც შენს ქვეყანაში, მის ლიდერებზე გავლენით ცდილობენ, რეგულაციების შეცვლას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ლობირებით.
- მმართველი გუნდის წევრები განაგრძობენ იმაზე საუბარს, თითქოსდა ამერიკის და ევროპელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავენ.
- წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობენ, არ მგონია ეს სიმართლე იყოს. ალბათ უბრალოდ მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობენ, იმის თქმას, რომ აი საიდანღაც დიდი, უცხოეული აგენტი მოდის და ჩვენი დაპყრობა სურს. გავიხსენოთ, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ნაწილები. რუსეთი შემოიჭრა ტანკებით ქვეყანაში. ამაზე რა პასუხი აქვთ?