რუსეთმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, რამაც სამი საბჭოთა დროინდელი თბოელექტროსადგური სერიოზულად დააზიანა და მათი გათიშვა გამოიწვია.
უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 39, 21 რუსული დრონიდან კი - 20 ჩამოაგდეს.
"კიდევ ერთი მასობრივი თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე" - დაწერა ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ "ტელეგრამის" აპლიკაციაში.
გალუშჩენკომ თქვა, რომ სამიზნე იყო პოლტავის, კიროვოჰრადის, ზაპორიჟიის, ლვივის, ივანო-ფრანკივსკის და ვინიცის რეგიონებში არსებული ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ საჰაერო შეტევის გამო, კიევის რეგიონში ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო კიროვოგრადის რაიონში ერთი. შინაგან საქმეთა სამინისტროშივე ამბობენ, რომ ენერგეტიკული ობიექტების, 30 სახლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მანქანებისა და სახანძრო სადგურის ზიანის შესამცირებლად დაახლოებით 350 მაშველი იბრძოდა.
უკრაინის ელექტრო ქსელის ეროვნულმა ოპერატორმა "უკრაინენერგომ" განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის გამო, იძულებული გახდა ელექტროენერგიის მიწოდება ცხრა რეგიონისთვის შეეწყვიტა. ოფიციალური პირები უკრაინელებს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდებდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ენერგეტიკულ ობიექტებს დრონებითა და მაღალი სიზუსტის რაკეტებით დაარტყა.