ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. დეპარტამენტი: "თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა მიზანშეწონილი არ არის"


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამნეტმა განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე. დეპარტამენტი აცხადებს, რომ კანონის მიღება, როგორც ეს ევროკავშირმა განაცხადა, დააზიანებს საქართველოს პროგრესს, გაერთიანებაში გაწევრიანების გზაზე.

"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევის შესახებ. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრული ინტეგრაციის სურვილს", - ნათვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის თქმით, აღნიშნული კანონმდებლობა არ უწყობს ხელს გამჭვირვალობის გაზრდას, ავნებს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის დამოუკიდებლობას.

"საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. თუ შემოთავაზებული კანონმდებლობა მიღებული იქნება, მან შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომელთაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება", - აცხადებს ამერიკის დიპლომატიური უწყება.

შეერთებული შტატების და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, "უცხოური გავლენის" კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“, კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG