რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგ ფაქტზე დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში. მასში დაკავებულთა ვინაობა დასახელებული არ არის.
ოკუპირებულ სოფლებს, ზემო არცევსა და ოტრევს, ქართული სოფლები ქერე, ქვეში, აძვი და ჯარიაშენი ესაზღვრება. ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევების რაოდენობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე იზრდება, როცა ადგილობრივი მცხოვრებლები მინდვრებში, ნაკვეთებსა და ტყის მასივებში გადიან ხოლმე.
ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.
9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მეოთხე სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საქმე ეხება ე.წ. განგრძობით ოკუპაციას - „ბორდერიზაციას“. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შვიდი მუხლი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შესახებ მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლი.