სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეაიარაღებული თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას ამ აეტაპზე არ ავრცელებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, დაღუპული საქართველოს მოქალაქე 50 წლამდე ქალია. ის, სავარაუდოდ, ავსტრალიისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე იყო.
"ქართული მხარისთვის ცნობილია სიდნეიში საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინცინდენტის შედეგად დაღუპულთათვის.
საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები" - უთხრეს "რადიო თავისუფლებას" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სავაჭრო ცენტრში ადამიანებს მამაკაცი დანით 13 აპრილს დაესხა თავს. შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი და დაჭრილია 9, მათ შორის, ერთი ბავშვი.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაასდევს სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ცივი იარაღით ახალგაზრდა კაცი.
Facebook Forum