ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განაგრძობს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომიტეტის მომდევნო სხდომა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, დილის 10 საათზეა იწყება. სხდომაზე კანონმდებლები პრეზიდენტის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს კითხვებს დაუსვამენ, სხდომა კონგრესში, დახურულ კარს მიღმა წარიმართება.
ჰანტერ ბაიდენთან გასაუბრებას საგამოძიებო კომიტეტი თვეებია ცდილობს, თავდაპირველად პრეზიდენტის ვაჟმა სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი კონგრესში მოულოდნელად გამოჩნდა და სხდომა მალევე დატოვა.
წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტის წევრებს ჰანტერ ბაიდენთან კითხვები მისი ბიზნეს საქმიანობის შესახებ ექნებათ, მათ შორის ჩინურ კომპანია CEFC-ზე და უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია Burisma-ზე.
რესპუბლიკელი კონგრესმენები ჯო ბაიდენს ადანაშაულებენ, რომ ის ოჯახის ბიზნესისთვის საკუთარ გავლენას იყენებდა 2009-17 წლებში, როცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მიუხედავად ბრალდებებისა, ამ დრომდე კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, - წერს სააგენტო „როიტერი“.
ბრალდებებს უარყოფს თეთრი სახლი და ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი. მათ მიაჩნიათ, რომ კონგრესში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.
კომიტეტის მთავარი მოწმე, ალექსანდრ სმირნოვი, რომლის განცხადებებსაც რესპუბლიკელი კანონმდებლები ხშირად ეყრდნობიან, ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მეორედ დააკავა. საგამოძიებო ორგანო ამბობს, რომ მას კავშირი რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან ჰქონდა. სმირნოვის ხელმეორედ დაკავების მიზეზი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება გახდა.
„ის რუსეთის დაზვერვის აგენტებთან შეხვედრის შემდეგ აქტიურად ავრცელებს სიცრუეებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამერიკის არჩევნებზე ნოემბერში“, - წერია ოფიციალურ ბრალდებაში, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მოწმეთა უმრავლესობა, რომელიც ამ დრომდე კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა და კონგრესის წევრების კითხვებს პასუხობდა, უარყოფს, რომ ბიზნეს-საქმიანობაში ჯო ბაიდენი იყო ჩართული.
წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტს ჩვენება უკვე მისცა ჯო ბაიდენის ძმამ ჯეიმს ბაიდენმა, რომელმაც თქვა: "ბიზნეს-საქმიანობაში, რომელშიც მე ვიყავი ჩართული, მე ვეყრდნობოდი ჩემს ნიჭს, განსჯას, უნარს და პირად ურთიერთობებს და არასდროს ჩემს სტატუსს, როგორც - ჯო ბაიდენის ძმა“.
რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც პრეზიდენტობის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა (თუმცა არა სენატმა), ამბობს, რომ ბაიდენის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს.
დაკავებული მთავარი მოწმისა და არარსებული მტკიცებულებების ფონზე, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი კონგრესმენები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცესი უნდა შეწყდეს.
Facebook Forum