„ჰუმან რაითს ვოჩის“ (HRW) ახალი კვლევის მიხედვით, მარიუპოლისთვის ბრძოლაში რუსეთის ქმედებების შედეგად, სულ ცოტა, უკრაინის 8000 მოქალაქე დაიღუპა. ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის დეტალურ კვლევას ამ დრომდე არ გაცნობიან კრემლში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორი მათთვის, ეთქვათ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში პასუხისმგებელი არა რუსეთი, არამედ უკრაინის ხელისუფლებაა.
„ჩვენ ჯერ არ გვქონია დრო რომ გავცნობოდით მოხსენებას და არ ვიცით, რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“,- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ნეონაცისტებად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ კიევი საკუთარ მოქალაქეებს "ცოცხალ ფარად" იყენებდა.
„ვიცით, რომ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ნეონაცისტების ხელში, რომლებიც იმ დროს მარიუპოლის დაცვას ცდილობდნენ. ისინი იყენებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცოცხალს ფარს“,- ამბობს პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა ის უარს ამბობს მტკიცებულებების წარდმოგენაზე, რომელიც მის სიტყვებს სარწმუნოს გახდიდა.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ქალაქ მარიუპოლისთვის აქტიური ბრძოლები თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში ქალაქში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა წყლის, ელექტოენერგიის, თუ საკვების გარეშე იყო დარჩენილი. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე მარიუპოლში სულ ცოტა 8000 ადამიანი დაიღუპა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელიტური ფოტოები, რომლებიც სპეციალისტებმა შეისწავლეს და მაჩვენებლები წლიური სიკვდილიანობის მონაცემებს შეადარეს.
მკვლევრები ამბობენ, რომ უცნობია, რამდენია მოკლული ადამიანიდან მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენი სამხედრო. HRW-ის კვლევაში ნათქვამია, რომ ეს არ არის სრულყოფილი რიცხვი, რადგან ხშირად ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანის დამარხვა ხდებოდა.
ანგარიშის მომზადებისას ორგანიზაციის უფლებადამცველები ესაუბრნენ მარიუპოლის ასობით მოსახლეს, რომელთაც ქალაქის დატოვება შეძლეს ალყის შემდეგ. უფლებადამცველებმა შეისწავლეს 850 ფოტო და ვიდეო, რათა შეეფასებინათ ქალაქის ნგრევის მასშტაბი. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეულია საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი.
HRW-მა დაადგინა რუსეთის არმიის 17 ქვედანაყოფი, რომლებიც მარიუპოლის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა იცოდნენ ქალაქის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის ჯარების მოქმედებების შესახებ. ახლა რუსეთი თავიდან აშენებს მარიუპოლს და თან სპობს სამხედრო დანაშაულის კვალს, აღნიშნავენ უფლებადამცველები.
Facebook Forum