უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლ ჯარისკაცთა ნაწილი ამბობს, რომ საავარაუდოდ ომის დასრულებამდე მოუწევს ფრონტის ხაზზე ყოფნა. კიევი მეტი ჯარისკაცის მობილიზებას ცდილობს.
მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი, თუმცა დამტკიცებისგან, სავარაუდოდ, ისევ შორსაა. ერთ-ერთი შეთავაზებული ცვლილებით, სამხედრო ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლდნენ ის ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტის ხაზზე უკვე 3 წელია იბრძვიან.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურებს 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება სურს.
იმ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები, რომლებიც ფრონტზე უკვე დიდი ხანია იბრძვიან, პრეზიდენტს მოუწოდებენ, მონახოს გზები იმისთვის, რომ ისინი შინ დაბრუნდნენ. თუმცა ბახმუტთან ახლოს მყოფი დრონების დანაყოფის მებრძოლები ამბობენ, რომ ამის იმედი არ აქვთ.
"36 თვე ცხოვვრების ძალიან დიდი ნაწილია, მაგრამ რის გაკეთებაა შგვიძლია? მტერს უნდა ებრძოლო", - უთხრა ჟურნალისტებს დრონების 51 წლის პილოტმა ბახმუტის ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბუნკერში.
"მე პირადად დემობილიზება და სამოქალაქო ცხოვრებით ცხოვრება ვერც წარმომიდგენია მაშინ, როცა ომი ჯერ კიდევ გრძელდება", - ამბობს 92-ე მოიერიშე ბრიგადის დრონების ბატალიონის მებრძოლი. "ჩვენს გამარჯვებამდე მე აქ დავრჩები".
ბატალიონის მეთაური, იური ფედორენკო ამბობს, რომ მოიერიშე ქვეითი ბრიგადების ჩასანაცვლებლად კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი იქნება საჭირო იმისთვის, რომ მათ ფრონტის წინა ხაზიდან უკან დაიხიონ და ახალი ძალებით ჩანაცვლდნენ. თუმცა არც მას ჰგონია, რომ 3 წლიანი პერიოდის შემდეგ, დემობილიზაცია შეეხება. ამასთან, ამბობს, რომ გამოცდილი ჯარისკაცების, ოფიცრების, სერჟანტების გამოუცდელი ახალწვეულებით ჩანაცვლება ისედაც არაეფექტური ნაბიჯი იქნება, რადგან სწორედ ამ ხალხმა იცის, როგორ ებრძოლოს მტერს.