ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დაზვერვა: აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის შეტევა გაზაფხულზე შეწყდება და ჩვენი დაიწყება


რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება და როგორც უკრაინის სადაზვერვო სამსახური ამბობს, რუსეთის იერიშები მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე მიმდინარეობს. რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო ქალაქ ავდიივკას აღება, რომლის ალყაში მოქცევასაც შემოდგომიდან ცდილობენ. კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვით პოზიციაში რჩებიან.

„რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება. სადღაც ადრე გაზაფხულზე კი სრულად დასრულდება... ახლა ეს მტრის ნაბიჯია, ეს დასრულდება და ვფიქრობ ჩვენი დაიწყება“,- ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ბუდანოვი.

უკრაინის ბოლო კონტრშეტევა რომელიც ზაფხულში მიმდინარეობდა ასევე დასრულდა მნიშვნელოვანი მიღწევების გარეშე. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი რუსეთის თავდაცვითი ხაზები იყო, რომლებმაც ფრონტის ხაზზე დიდი ტერიტორია დანაღმეს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც კიევი მიანიშნებდა დასავლეთის სამხედრო დახმარების არადროული მიწოდება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მიმდინარე ომს, კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსი სამხედროები მიაღწევენ ყველა მიზანს და ეს მიზანი რუსეთის უსაფრთხოებაა. საფრთხე კი ვლადიმირ პუტინის თქმით „აგრესიულად განწყობილი დასავლეთიდან“ მოდის.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტის ამ პოზიციას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მოსკოვმა იმპერიული სტილის ომი დამატებითი ტერიტორიების მისათვისებლად წამოიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG