ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან ერთად, კოსოვოს პასპორტს უკვე ესპანეთიც აღიარებს


„კოსოვოს რესპუბლიკის პასპორტს, ახლა უკვე აღიარებს ესპანეთიც. ასე რომ, ახლა უკვე შეგვიძლია, ამ ქვეყანაში, ვიზის გარეშე ვიმოგზაუროთ“, - ასე გამოეხმაურა კოსოვოს ვიცე-პრემიერი ესპანეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს კოსოვოს პასპორტი. ამ ნაბიჯს, ხუთი დღით, წინ უსწრებდა კოსოვოს მოქალაქეებისთვის, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლების მინიჭება.

მადრიდს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის, მადლობა გადაუხადა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

შენგენის ზონაში, კოსოვოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება, პირველ იანვარს ამოქმედდა. თუმცა, ესპანეთი იყო შენგენის ზონაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ მხრივ გამონაკლისად რჩებოდა.

ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ვებგვერდზე, 5 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 იანვრიდან, ესპანეთი აღიარებს კოსოვოს მიერ გაცემულ ჩვეულებრივ პასპორტებს.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურ აღიარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ესპანეთი ევროკავშირის იმ ხუთ სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. სხვა ასეეთი ქვეყნებია: საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი. თუმცა, ყველა ამ სახელმწიფომ აღიარა კოსოვოს ხელისუფლების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები.

კოსოვო უკანასკნელი იყო დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნიდან, რომელმაც მიაღწია შენგენის ზონასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ეს აღიქმება როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნის მისწრაფებების კუთხით.

XS
SM
MD
LG