სამშაბათს ისრაელმა ცენტრალურ ღაზაზე იერიში მიიტანა. იერუსალიმში ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო ძალებმა სახმელეთო ძალების დასახმარებლად „ჰამასის“ 100 სამიზნეს, მათ შორის გვირაბებში ჩასასვლელებს დაარტყა.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქალაქ ღაზის გარეუბან შეჯაიაში, ჯარმა ავიაციის მხარდაჭერით გაანადგურა „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი, რომლებიც ტანკის ქვეშ ბომბის დადებას ცდილობდნენ. ხან იუნისში კიდევ 10 მებრძოლი გაანადგურეს.
ნეთანიაჰუმ, რომელმაც ორშაბათს ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ჯარისკაცები მოინახულა, თავისი პარტია „ლიკუდის“ კანონმდებლებს უთხრა, რომ ომი დასრულებისგან შორსაა და უარყო, როგორც თვითონ უწოდა მედიის ვარაუდები, რომ მთავრობამ შესაძლოა ბრძოლის შეჩერებისკენ მოუწოდოს. მან თქვა, რომ ისრაელი სამხედრო წნეხის გარეშე, ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ვერ შეძლებს.
„უოლ სტრიტ ჯორნელში“ გამოქვეყნებულ წერილში ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მშვიდობის დასამყარებელი სამი წინაპირობა: „ჰამასი“ უნდა განადგურდეს, უნდა მოხდეს ღაზის დემილიტარიზაცია და პალესტინური საზოგადოება დერადიკალიზებული უნდა იყოს.
ვაშინგტონის მიერ ისრაელის მხარდაჭერის გამო, რეგიონის სხვა წერტილებში, ერაყში და სირიაში, შეერთებული შტატების ძალებს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ.
ამერიკელმა სამხედროებმა საპასუხო საჰაერო დარტყმა ერაყში განახორციელეს. ამას წინ უძღოდა ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ერბილში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია და კიდევ ორი დაიჭრა.
ამერიკული სამხედრო უწყების ცნობით, საპასუხო საჰაერო დარტყმებმა „ქათაიბ ჰეზბოლას მებრძოლთა დიდი რაოდენობა“ გაანადგურა და ამ ჯგუფის მიერ გამოყენებული მრავლობითი ობიექტი დაანგრია.