ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთში მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა


ალექსანდრე ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.
ალექსანდრე ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.

სერბეთის მმართველმა პარტიამ, კვირას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო არასამართლიანი იყო და არჩევნები მედიის მიკერძოებულობის, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის არასათანადო გავლენის, ხმის მიცემის პროცესში დარღვევებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა.

საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საარჩევნო უბნების 96%-ის დათვლის საფუძველზე, მმართველმა პოპულისტურმა პროგრესულმა პარტიამ ხმების 46,72% მოიპოვა.

ხმების 23,56%-ით, მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე სერბეთის სოციალისტური პარტია გავიდა, - ხმეbის 6,56%-ით.

„საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ტექნიკურად გამართული იყო და ამომრჩევლებს პოლიტიკური ალტერნატივებს სთავაზობდა, გაიმართა პრეზიდენტის დიდი ჩართულობის ფონზე, რამაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად უსამართლო პირობები შექმნა“, - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ.

დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას, ოფიციალურ ფუნქციებსა და კამპანიის აქტივობებს შორის გამიჯვნის ნაკლებობას, ამომრჩეველთა დაშინებას და ხმების მოსყიდვას.

საპარლამენტო არჩევნები მეხუთეა 2012 წლის შემდეგ და დაემთხვა ადგილობრივ არჩევნებს უმეტეს მუნიციპალიტეტებში, დედაქალაქ ბელგრადში და ვოევოდინას ჩრდილოეთ პროვინციაში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებში ადგილი ჰქონდა გაყალბებას. განსაკუთრებით დედაქალაქ ბელგრადში. ოპოზიციის ლიდერებმა მიროსლავ ალექსიჩმა და მარინიკა ტეპიჩმა განაცხადეს, რომ მათმა ალიანსმა წარმოადგინა მტკიცებულებები და აპირებენ იშიმშილონ მანამ, სანამ საარჩევნო კომისია ოპოზიციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და არ გამოიძიებს, ბელგრადში არჩევნების გაყალბების შემთხვევებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG