ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეტაკებები ორშაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას გაამოთქვამდა სექტორში არსებული ვითარებისა და ღაზელების ეგვიპტეში მასობრივი გადინების თაობაზე.
ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის მიერ "ჰამასისთვის" ომის გამოცხადების შემდეგ, ღაზა აქტიური სამხედრო მოქმედებების ადგილია - ჯერ საჰაერო, შემდეგ კი საჰაერო და სახმელეთო იერიშების სამიზნე. ტერიტორია სრულ ალყაშია და ეგვიპტესთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოსახლეობისთვის სექტორიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გზაა.
ღაზაში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათმა უმეტესობამ საცხოვრებელი იძულებით უკვე დატოვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ თავშესაფრის პოვნა პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია. ადგილობრივი მონაცემებით, საომარ მოქმედებებს სექტორში 18 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ზავი, რომელიც დაახლოებით ერთ კვირა გაგრძელდა, კვლავ საომარი მოქმედებებით გაგრძელდა. ამჯერად ისრაელის სახმელეთო ოპრაცია ქალაქ ხან იუნისის ცენტრალურ ნაწილზეა ორიენტირებული. ორშაბათს ადგილობრივი მებრძოლები და ზოგიერთი მოქალაქე ისრაელის ტანკებს გზას უღობავდა და ქალაქის დასავლეთით წასვლის საშუალებას არ აძლევდა. ღაზის ჩრდილოეთით კი კვლავ შეტაკებებია. თუმცა ისრაელი ამბობს, რომ ჩრდილოეთში მისი სამხედრო ოპერაციის უდიდესი ნაწილი დასრულებულია.
გაეროს მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის 85% - 1.9 მილიონი ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილებული პირია და თავს სამხრეთ რეგიონებს აფარებს.
პარალელურად, თელ-ავივში მოქალაქეებს თავშესაფრებში მოუხდათ დარჩენა მას შემდეგ, რაც ღაზიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ჰამასის" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქალაქის დაბომბვა იყო "სიონისტების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი სისხლისღვრაზე" პასუხი.