შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები იქნება "პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე", თუკი კონგრესი ჩააგდებს ქვეყნისთვის მასშტაბური დახმარების დამტკიცებას, რომელიც პრეზიდენტმა კონგრესისგან მოითხოვა. ჯანეტ იელენმა ეს განცხადება 5 დეკემბერს, მექსიკაში ვიზიტის დროს, მეხიკოში შეკრებილ ჟურნალისტებთან გააკეთა.
იელენის თქმით, უკრაინის დაფინანსება, განსაკუთრებით - მთავრობის ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, "სრულიად არსებითი" საჭიროებისაა. ამას გარდა, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსება შენარჩუნდეს.
დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კონგრესში დასამტკიცებლად შეტანილია მრავალმილიარდიანი დახმარების პროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს. რესპუბლიკელი კონგრესმენების ძალისხმევით, ბიუჯეტში ასევე დამატებულია ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების დაფინანსება.
"მე ვესაუბრე კონგრესის წევრებს, ჩემს კოლეგებს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მძიმე ვითარებაა და ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უკრაინის დამარცხებაზე, თუ ვერ შევძელით, რომ მათ საჭირო დახმარება მივაწოდოთ. მე აქ უშუალოდ საბიუჯეტო მხარდაჭერასაც ვგულისხმობ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ილენმა.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის განცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, რომ ამერიკის დახმარების დამტკიცების გადადებამ ისინი "დიდი რისკის" წინაშე დააყენა. კიევში შიშობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათ გამარჯვებას იმ სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთი უკვე თითქმის ორი წელია აწარმოებს.
Facebook Forum