ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა იერიში


რუსეთი შავი ზღვის ფლოტის დახმარებით უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს აგრძელებს. მოსკოვის ცნობით, მათ ფრთოსანი რაკეტებით სამიზნე წერტილებზე იერიშები მიიტანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამ“ არხში გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია. დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. რუსეთს სამიზნეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ზიანის შესახებ არ საუბრობს უკრაინის ხელისუფლებაც.

სააგენტო „როიტერი“ ამბობს, რომ დეტალების დადგენა ან დამოუკიდებლად ცნობების გადამოწმება ვერც მათ შეძლეს. დაუდგენელია ისიც, როდის განხორციელდა იერიშები და რა ტიპის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსული გემებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვება გამთენიისას მოხდა, ამავე ვიდეოში არის გამოყენებული კადრები, რომელიც დღის განმავლობაშია გადაღებული.

საჰაერო იერიშების საფრთხე რომ მაღალი იყო და კრემლი შავი ზღვიდან უკრაინაზე მორიგი იერიშების მიტანას გეგმავდა, ამის შესახებ, 28 ნოემბერს, უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობდა.

„სარაკეტო საფრთხის დონე მაღალია“, - ეწერა განცხადებაში რომელიც „ტელეგრამში’ უკრაინის საზღვაო ფლოტმა გაავრცელა.

ბოლო 21 თვის განმავლობაში რუსეთი უკრაინულ ქალაქებს შავი ზღვიდანაც ბომბავს. კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ ზღვის დრონებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით რუსულ შავი ზღვის ფლოტზე არაერთი იერიში განახორციელა და მათი ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა.

უკრაინამ რამდენჯერმე იერიში მიიტანა სევასტოპოლის პორტზეც, რის გამოც რუსეთს უწევს ანექსირებული ყირიმის ირგვლივ დამატებითი ბარიერები ააშენოს, რათა ფლოტი დაიცვას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე იერიშები გაგრძელდება. მისივე თქმით, უკრაინის თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა შავ ზღვაში რუსეთის მოქმედების არეალი შეამცირა.

XS
SM
MD
LG