ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა - მათგან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა, 7-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
რეზოლუციის მოწინააღმდეგე დეპუტატს შორის 3 - მიროსლავ რადაჩოვსკი, ნიკოლა ბეი, ჟდანოკა ტატიანა, უპარტიო დეპუტატები არიან, დანარჩენი 4 - კლერ დეილი, სანდრა ფერეირა, პიმენტა ლოპესი, მიკ ვოლესი ევროპარლამენტში მემარცხენე ჯგუფს წარმოადგენენ.
დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგი და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ეს პოლიტიკური ჯგუფებია:
- "ევროპის სახალხო პარტია";
- "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი";
- "რეფორმების ჯგუფი";
- "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
- "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია იყო ატვირთული.
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2018 წელსაც მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით მომზადდა. დოკუმენტი 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებსა და სანქციების დაწესების საკითხს.
თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 22 ნოემბერს, ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის ტექსტი სასესიო სხდომაზე გაახმოვანეს და სიტყვიერად მოუწოდეს ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი.
ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და ამით სანქციების დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თამაზ გინტურის მკვლელობა
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.