შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს 81 წლის გახდა. ამან კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება მის სტატუსს, როგორც ყველაზე ხანდაზმულ პირს, რომელსაც თეთრი სახლი ოდესმე დაუკავებია. გამოკითხვები აჩვენებს, ამერიკელები ღელავენ რომ თანამდებობისთვის, რომლის ხელმეორედ დაკავება სურს, ის ძალიან ხანდაზმულია.
ბაიდენმა მათ, ვინც შიშობს რომ ის თეთრი სახლის დაძაბული მუშაობისთვის ძალიან ხანდაზმულია, იუმორით უპასუხა და შეეცადა ამომრჩევლები დაერწმუნებინა რომ მისი ასაკი და საჯარო ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი გამოცდილება, ამერიკის პრობლემების მოგვარებისთვის კარგი აქტივებია.
ბაიდენს ხელმეორედ თუ აირჩევენ, თანამდებობის მეორე ვადის დასრულებისთვის ის 86 წლის იქნება. რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი, რომელსაც ყველაზე ხანდაზმული ამერიკელი პრეზიდენტის ძველი რეკორდი ეკუთვნოდა, მეორე ვადის ბილოს, 1989 წელს, 77 წლის იყო.
ტრამპი, რესპუბლიკელთა მხრიდან 2024 წლის არჩევნებში ნომინაციისთვის რბოლის ლიდერი, 77 წლისაა.
სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარებული „როიტერს/იპსოსის“ გამოკითხვაში, ამომრჩევლებმა ბაიდენის ასაკის და თანამდებობისთვის შესაბამისობის თაობაზე შეშფოთება გამოხატეს. ამომრჩეველთა 77 პროცენტმა, მათ შორის დემოკრატთა 65 პროცენტმა თქვა, რომ ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ძალიან ხანდაზმულია. იმავდროულად მხოლოდ 39 პროცენტმა თქვა, რომ ბაიდენს საკმარისად ნათელი გონება აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს.
შედარებისთვის, ამომრჩეველთა 56 პროცენტმა თქვა რომ ტრამპი თანამდებობისთვის ძალიან ხანდაზმულია და 54 პროცენტმა თქვა, რომ საკმარისად ნათელი გონება აქვს, რომ პრეზიდენტობის გამოწვევებს გაუმკლავდეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბაიდენს ზოგიერთი დიდი საკანონმდებლო მიღწევა აქვს და ის საქმიანობით უნდა შეაფასონ და არა ასაკით.