ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

106 მილიარდის მოთხოვნით, ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაერთიანებას სთხოვს


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ორმა მაღალჩინოსანმა ამერიკელ კანონმდებლებს სამშაბათს გამართულ კონგრესის მოსმენაზე, უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების გაწევა სთხოვა. მოსმენა რამდენჯერმე შეწყდა დამსწრე სამოქალაქო პირების მხრიდან საპროტესტო შეძახილების გამო.

სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატის ასიგნებების კომიტეტში ჩვენებით წარსდგენ და კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვეს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად.

ორივე მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის მხრიდან საკუთარი პარტნიორების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამისთვის, ბაიდენი უკრაინისთვის 61,4 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ამ თანხის, დაახლოებით, ნახევარი შეერთებულ შტატებში იარაღის წარმებაზე დაიხარჯება იმისთვის, რომ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღების მარაგი უწყვეტად განახლდეს.

ბაიდენმა ასევე მოითხოვა 14,3 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის, 9 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, როგორც ისრაელისა, ასევე ღაზისთვის, 13,6 მილიარდი სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოებისთვის და 4 მილიარდი აზიაში ჩინეთის ძალისხმევის წინააღმდეგ სამუშაოებისთვის.

მოსმენის დაწყებისას, ომის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა ჰაერში ასწიეს წითლად შეღებილი ხელები. მოგვიანებით, კაპიტოლიუმის პოლიციამ ისინი ოთახიდან გააძევა.

ბლინკენმა მომიტინგეებს არ უპასუხა, მაგრამ როდესაც მას მოგვიანებით ჰკითხეს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ, მან თქვა, რომ ეს მხოლოდ „ჰამასის“ გადაჯგუფებას დაეხმარება. თუმცა, მან ჰუმანიტარული მიზეზების გამო პაუზა არ გამორიცხა.

რესპუბლიკელების შერეული პოზიცია და დაფინანსების ბუნდოვანი მომავალი

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტავიანი შეჭრის შემდეგ, კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად 113 მილიარდი დოლარი დაამტკიცა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ თანხიდან 5,5 მილიარდ დოლარზე ნაკლები სახსრებია დარჩენილი კიევისთვის დახმარების აღმოჩენის გასაგრძელებლად.

ბაიდენის მიერ მოთხოვნილი ახალი დახმარების ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველი ჩანს. დემოკრატები მტკიცედ უჭერენ მხარს ბაიდენის სტრატეგიას უკრაინის დახმარებისა და ისრაელის მხარდაჭერის გაერთიანების შესახებ, ისევე როგორც ბევრი რესპუბლიკელი როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში.

”ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ეს პრიორიტეტი, როგორც ერთი პაკეტის ნაწილი - რადგან რეალობა ისაა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია და ისინი ყველა გადაუდებელია”, - თქვა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარე პეტი მიურეიმ.

სიუზან კოლინზმა, კომიტეტის უხუცესმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ის განიხილავს დაფინანსების მოთხოვნას იმის მიხედვით, გახდის თუ არა ეს შეერთებულ შტატებს უფრო მეტად დაცულს გარე საფრთხეებისგან.

განსხვავებული მდგომარეობაა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელთა ნაწილი ისრაელის და უკრაინის დახმარების გაერთიანების წინააღმდეგია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინის დახმარებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა მცირდება და ბევრი რესპუბლიკელი, განსაკუთრებით ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული კანონმდებლები, უკრაინის დახმარების შემცირებას ემხრობიან.

შეერთებული შტატების ვალი 31,4 ტრილიონი დოლარია, რომლის უდიდესი ნაწილი ფედერალური ხარჯების გამო იზრდება. რესპუბლიკელების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში იმ ფონზე, როცა ჩინეთის გავლენები მსოფლიოში ძლიერდება.

პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა წარსულში ხმა მისცა კიევისთვის დახმარების მიწოდების წინააღმდეგ. ორშაბათს მან წარადგინა კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევის მიზნით, რომელიც ნაწილობრივ ფედერალური საშემოსავლო სამსახურის ბიუჯეტის შეკვეცით დაფინანსდებოდა. კანონპროექტს პალატაში ყველა დემოკრატი ეწინააღმდეგება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის.

ისრაელმა ამ კვირაში ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევა დაიწყო. ეს ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასის“ 7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრა რეაგირებაა, რომლის დროსაც ამერიკის მიერ ტერორიტულ დაჯგუფებად აღიარებულმა „ჰამასმა“ 1400 ადამიანი მოკლა და დაახლოებით 240 მძევლად აიყვანა.

პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზის "სრული ალყისა" და სამხედრო ოპერაციის შემდეგ ღაზაში 8,300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასობით ბავშვი დაიღუპა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის 400-მდე მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები - დაახლოებით 1000 ადამიანი - ღაზაშია ჩარჩენილი და სურვილის მიუხედავად გამოსვლას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ დასახმარებლად გზა ჯერ ვერ გამონახა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG