შვედეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ბალტიის ზღვის სატელეკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა, თუმცა ფუნქციონირებს, თქვა სამშაბათს შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა.
თითქმის იმავე პერიოდში დაზიანდა ასევე ფინეთ-ესტონეთის მილსადენი და დამაკავშირებელი კაბელი.
ფინელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს გემები, რომლებიც მოძრაობდნენ იმ მხარეში, სადაც მილსადენისა და კაბელის დაზიანება მოხდა 8 ოქტომბერს და დაასახელეს ორი მათგანი, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და ჩინეთის საკუთრებაში არსებული გემი.
რუსეთის ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ გემზე, "ატომფლოტი", უარყოფს, რომ მისი ერთ-ერთი გემი მომხდარში იყო ჩართული.
შვედეთ-ესტონური კაბელის დაზიანება შვედეთის ტერიტორიული წყლების და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ მოხდა, განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა და თქვა, რომ კაბელი მას შემდეგ აგრძელებს მუშაობას. „ამ დროისთვის ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია ეს ზიანი“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ”მაგრამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ეს დაზიანება მოხდა იმავე დროს და ფიზიკურ სიახლოვეს... როცა დაზიანდა ესტონეთსა და ფინეთს შორის გაზსადენი და ესტონეთსა და ფინეთს შორის სატელეკომუნიკაციო კაბელი.”
ქსელის პროვაიდერმა "არელინმა" დაადასტურა, რომ მისი წყალქვეშა ბოჭკოვანი კაბელები "ნაწილობრივ დაზიანებულია". "ამჟამად არ ვიცით, რამ გამოიწვია ზიანი. კაბელი გარემონტდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამინდის მიხედვით", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ განუცხადა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ERR-ს, რომ დაზიანება მოხდა შვედეთის კაბელზე, რომელიც ჰიიუმაას კუნძულიდან დასავლეთით 50 კმ-ში გადიოდა.
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა "როიტერს" უთხრა, რომ ალიანსმა იცოდა შვედეთ-ესტონური კაბელის დაზიანების შესახებ და მჭიდრო კავშირში იყო ორივე ქვეყანასთან და აკვირდებოდა სიტუაციას.
შვედეთის საზღვაო ძალების მეთაურმა თქვა, რომ ბალტიისპირეთში ზედაპირული და წყალქვეშა მიმოსვლის კონტროლი გამოწვევაა. ”სიტუაცია ზღვაზე ძალიან რთულია”, - თქვა კონტრადმირალმა ევა სკუგ ჰასლუმმა. „ზედაპირზე დიდი მოძრაობაა და ყველაფერი, რაც ხდება ზედაპირის ქვეშ, „უარყოფადია“. ჩვენთვის გამოწვევაა წყლის ამ მოცულობის მონიტორინგი“.
ბალტიის ზღვაში, ბოლო ინციდენტები 2022 წლის სექტემბერში მომხდარ აფეთქებებს მოჰყვა, რამაც ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე "ნორდ სტრიმის" მილსადენები დააზიანა და რუსული გაზის მიწოდება შეწყვიტა.
ფინეთმა 8 ოქტომბერს, განაცხადა რომ წყალქვეშა გაზსადენი და სატელეკომუნიკაციო კაბელი, რომელიც აკავშირებს ფინეთსა და ესტონეთს, დაზიანდა, რაც შესაძლოა მიზანმიმართული ქმედება იყო.
Facebook Forum