ისრაელმა ოფიციალურად ომი გამოაცხადა, ეს მას შემდეგ რაც ქვეყანაზე ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰამასის" დაჯგუფებამ მოულოდნელი იერიშები მიიტანა. საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორზე იერიშები მიიტანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ 1100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მხოლოდ ისრაელში, დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 700-დან 800-მდე მერყეობს.
ისრაელში მიმდინარე ომის პარალელურად, აქტუალური გახდა ამერიკა-ირანს შორის სექტემბერში შემდგარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ და ირანმა პატიმრები გაცვალეს. პარალელურად, ვაშინგტონმა თეირანს 6 მილიარდ დოლარზე, რომელიც სამხრეთ კორეაში იყო გაყინული, წვდომა აღუდგინა. კრიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯით ირანმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" დაფინანსება გაზარდა.
ბრალდებებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ირანს ერთი ცენტიც არ აქვს გამოყენებული იმ 6 მილიარდი დოლარიდან, რომელზეც ვაშინგტონმა სანქციები მოხსნა.
ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ „ჯერ არ უნახავს იმის მტკიცებულება, რომ ირანი ხელმძღვანელობდა ან იდგა ამ კონკრეტული თავდასხმის უკან“. თუმცა, ბლინკენი მკაფიოდ ამბობს, რომ ირანსა და "ჰამასს" შორის ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია არსებობს.
რა ვიცით პატიმართა გაცვლის შესახებ?
პატიმრების გაცვლა სექტემბერში მოხდა, თუმცა თავდაპირველად „რთული“ შეთანხმების შესახებ, აგვისტოში გამოცხადდა. ამ შეთანხმების შედეგად, ამერიკამ და ირანმა ხუთ-ხუთი პატიმარი გაცვალეს. ვაშინგტონმა თეირანს კი 6 მილიარდ ამერიკულ დოლარზე აღუდგინა წვდომა.
რა ვიცით 6 მილიარდი დოლარის შესახებ?
6 მილიარდი ამერიკული დოლარი ირანის საკუთრება იყო, რომელიც სანქციების შედეგად, სამხრეთ კორეის ბანკებში გაიყნია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, სრული აკრძალვა დააწესა ირანის ნავთობის ექსპორტზე და სანქციები აამოქმედა მის საბანკო სექტორზე, 2019 წელს. ამავე დროს, ირანის ნავთობის შემოსავალი სეულში დაიბლოკა.
„ფაქტი ასეთია - აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არ იყო ამ პროცესებში ჩართული,“- თქვა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“ - თან საუბრის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აქვე განმარტავს, რომ თანხა, რომელიც სეულში იყო გაყინული, ირანის საკუთრება იყო.
„ეს იყო ირანული რესურსები, რომელიც ირანმა დააგროვა ნავთობის გაყიდვით, რომლებიც ჩარჩენილი იყო სამხრეთ კორეის ბანკებში, ამბობს ენტონი ბლინკენი.
სად არის ახლა 6 მილიარდი ამერიკული დოლარი?
თანხები ირანში არ დაბრუნებულა. კატარის ცენტრალური ბაკი ზედამხედველობას უწევს თანხებს, რომლებიც ჯერ კიდევ დოჰაშია თავმოყრილი.
ირანსა და ამერიკას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ამ 6 მილიარდი დოლარის გამოყენება, თეირანს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის შეუძლია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილემ, ტერორიზმისა და ფინანსთა საკითხებში, ბრაიან ნელსონმა თქვა: „მთელი ფული, რომელიც დოჰაში შეზღუდულ ანგარიშებზეა დაცული, რჩება დოჰაში. არცერთი პენი არ დახარჯულა. ეს შეზღუდული თანხები არ შეიძლება წავიდეს ირანში - ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მომავალი ჰუმანიტარული მიზნებისთვის“.
რას ამბობენ გარიგების კრიტიკოსები?
რესპუბლიკელთა უმრავლესობა, რომლებიც იბრძვიან 2024 წლის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციის ირანთან დადებულ შეთანხმებას აკრიტიკებს. ნაწილი კი ამბობს, რომ ისრაელზე მომხდარი თავდასხმა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსდა.
ნიკი ჰეილი, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ირანის ამ თანხებზე წვდომის აღდგენით, ნებისმიერ შემთხვევაში, თეირანის საბიუჯეტო მდგომარეობა გაუმჯობესდა.
Facebook Forum