ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა გაეროში უკრაინის მხარდაჭერაზე და სხვა გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. 19 სექტემბერი, 2023 წ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. 19 სექტემბერი, 2023 წ.

იმის ნიშნად, რომ შეერთებული შტატები ყურად იღებს გლობალური სამხრეთის პრობლემებს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყურადღება მათ ბევრ შეშფოთებაზე გაამახვილა. თუმცა, 19 სექტემბერს, ჯო ბაიდენის მიმართვაში მთავარი აქცენტი მაინც ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე და მასში უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაკეთდა.

„რუსეთის რწმენით, მსოფლიო დაიღლება და მას ნებას დართავს, უკრაინაში ჩადენილმა სისასტიკემ უშედეგოდ ჩაიაროს“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ”მაგრამ, მე გეკითხებით: თუ ჩვენ აგრესორის საამებლად, ხელს ავიღებთ გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, მაშინ შეუძლია თუ არა ამ ორგანოს რომელიმე წევრმა სახელმწიფომ თავი დაცულად იგრძნოს? თუ ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დაშლას, უსაფრთხო იქნება რომელიმე ერის დამოუკიდებლობა"?

ამერიკის პრეზიდენტმა გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ მიმართვაში დიდი დრო დაუთმო საუბარს მიღწეულ პროგრესზე გლობალური სიღარიბის შემცირების მხრივ, თუ წარმატებებზე - განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ამასთან, ბაიდენმა ხაზი გაუსვა უწყვეტი პროგრესის და რეფორმების აუცილებლობას.

შეერთებული შტატების ლიდერმა ისაუბრა ისეთი საერთაშორისო, მრავალმხრივი ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, როგორიცაა გაერო. დამსწრეთ მან მოუწოდა ლიდერობის კიდევ უფრო გაზრდისკენ და შესაძლებლობების გაღრმავებისკენ, რათა ეფექტიანად მოხდეს 21-ე საუკუნის რთული გამოწვევების დაძლევა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბაიდენმა ისაუბრა კლიმატის კრიზისზე, გლობალური განვითარების საჭიროებებზე, ჰაიტის კონფლიქტზე, ისრაელს და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პერსპექტივაზე და რამდენიმე სხვა პრობლემაზე. ის ასევე შეეხო ჩინეთთან შეერთებული შტატების სტრატეგიული კონკურენციის საკითხს და ამ მიმართულებით მის დამოკიდებულებაში იკვეთებოდა ფხიზელი, მაგრამ შემრიგებლური ნოტა.

მიმომხილველები აღნიშნავენ უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენის საუბარში შენიშნულ მცირე ცვლილებას. გაეროში ამერიკის პრეზიდენტი მოერიდა ფრაზას "ვიდრე ეს საჭირო იქნება", რომელსაც ის და დასავლეთის ოფიციალური პირები არაერთხელ იყენებდნენ უკრაინის მხარდაჭრის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების ხაზგასასმელად.

ბაიდენმა, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის გარშემო ამერიკის მოკავშირეთა შემოკრება და გაერთიანება შეძლო, მილიარდობით დოლარი გამოყო კიევის დასახმარებლად და ეს მიმართულება საგარეო პოლიტიკის წამყვან კომპონენტადაც კი აქცია, ამჯერად ხაზი გაუსვა თავის მხარდაჭერას კიევის მხრიდან დიპლომატიური რეზოლუციის მიღების მცდელობებისადმი, ისეთი რეზოლუციის, რომელიც ბაიდენის თქმით, უზრუნველყოფს „სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG